ყვარელში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნენ პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები, სპეციალური განცხადებით ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”:
“დღეს თელავის პოლიციასთან სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ელენე ხოშტარია, რომელიც ყვარელში დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.
საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ გადაიქცა რუსეთის და პუტინის ინტერესების დამცველად, სცემენ და აპატიმრებენ იმ პატრიოტებს, რომლებიც სრულიად სამართლიანად აპროტესტებენ პუტინისტი ლავროვის ოჯახის წევრების დროსტარებას საქართველოში.
სამწუხაროდ, პოლიცია რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს, ოთხოზორიას, ანწუხელიძის ღირსებას – გადაიქცა ლავროვების დამცველად.
ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში მიუთითებს მხოლოდ ერთზე, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს დააკარგინოს ევროპული მომავალი და დაჩქარებული ტემპით მიგვაქანებს რუსული ჭაობისკენ.
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ელენე ხოშტარია და ის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც სამართლიანად იცავდნენ ღირსებას, სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რუსიფიკაციას!
როგორც არ უნდა ეცადონ, საქართველო არასდროს იქნება რუსების დროის სატარებელი ადგილი და აღარასდროს გახდება რუსეთის ნაწილი, რადგან ქართველმა ხალხმა არაერთხელ, მკაფიოდ გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არჩვანი არის ევროკავშირი და ევროპა!
დავდგეთ ერთად! საქართველო გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

