„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ბრიუსელში 19-21 ოქტომბრის პერიოდში გამართული ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის თქმით სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს მზაობა ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით და აქედან გამომდინარე კომისია, რომელიც დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში დიდი ალბათობით აღარ ჩამოვა.
ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ახლა დროა ყველა პროევროპელი და მედასავლეთე ადამიანი გაერთიანდეს, რადგან სრულფასოვნად განხორციელდეს რეკომენდაციების შესრულება და საქართველოს მხრიდან მოხდეს იმ ისტორიული შანსის გამოყენება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს:
„გასულ კვირას ზურა ჯაფარიძესთან ერთად მქონდა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ,,ALDE”-ს ლიდერთა სამიტზე. ეს ის ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფია, რომელმაც ჩვენი ინიციატივით ივნისამდე ღია მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პარალელურად, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლებში, სწორედ იმ დეპარტამენტებთან, ადამიანებთან და ხელმძღვანელებთან, ვინც უშუალოდ მუშაობს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და მინდა წარმოგიდგინოთ შედეგები, რომელიც თვალსაჩინოა ამ შემთხვევაში:
- 2022 წლის ივნისში, საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ ამ შანსის რეალიზება არ მოხდა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და უფრო მეტიც, გადადგა ნაბიჯები, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
- მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი შანსი იმისა, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა სამწუხაროდ გზას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას არ მიგვიყვანს ევროკავშირამდე იმიტომ, რომ კონკრეტულად არ ჩანს პოლიტიკური ნება მათი მხრიდან დემოკრატიული რეფორმების და იმ სხვა ძირითადი რეფორმების განხორციელების მხრივ, რომელიც 12-პუნქტიან რეკომენდაციაშია მოცემული.
რა არის ეს რეფორმები? – ეს არის საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩათვლით; ეს არის მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა; ეს არის მედიასთან დაკავშირებული რეფორმა და ამასთან აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითხი ნიკა გვარამიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით. იცით, რომ ევროპარლამენტმა ცალკე ამას რეზოლუციაც კი მიუძღვნა; ასევე ეს არის ანტიკორუფციული და სხვა მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია.
უფრო მეტიც, სამწუხაროდ, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც პარლამენტში დაარეგისტრირა „ქართულმა ოცნებამ“, არის პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველი ევროკავშირის მხრიდან, რადგან არ შეესაბამება იმ 12 პუნქტიან მოწოდებებს და მისწრაფებებს, რომელიც მოცემულია დოკუმენტში.
შესაბამისად, ჩვენ დარჩენილი გვაქვს შანსი, მაგრამ დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ პროგრესს ამ რეფორმების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროევროპელმა/პროდასავლელმა მოვძებნოთ ერთიანობის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც ავაგებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას მომავალში იმისთვის, რომ საქართველომ ისტორიული შანსი გამოიყენოს.
დიახ ეს ისტორიული შანსი გვაქვს, რომელიც ერთხელ უკვე გაშვებული იქნა „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს, დემოკრატიულ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ყველა მედასავლეთეს საქართველოში, მაგრამ ამ შანსს უნდა რეალიზება და მაგალითი. როგორი მუშაობა არის საჭირო, ნამდვილად იყო ნახსენები ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის სახით. ჩვენ ერთობლივი სამოქმედო გეგმა გამოვაქვეყნეთ 12 პუნქტთან დაკავშირებით.
და ბოლოს, ყველაზე კატასტროფულად შეფასებული არის დასავლეთზე თავდასხმები, ომთან დაკავშირებით დადანაშაულება, თითქოს ომის დაწყება უნდა ვინმეს საქართველოში. ეს არის ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ნეგატიურად გასდევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს