„რატომ ხარჯავთ ძვირფას დროს დღესაც მეორეხარისხოვანი შიდაპარტიული მიზნებისთვის, როცა რუსეთის აგრესიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ პირველი აგრესიის მსხვერპლი იყო საქართველო. ეს უდნა გამოვიყენოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე კონსოლიდირებისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე ვართ დღეს, რადგან საფრთხე არის რეალური“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
მისი თქმით, აუცილებელია შეიქმნას ისეთი ფორმატები, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანად იქნება წარმოდგენილი.
„უკრაინაში არსებული რუსული აგრესიის ფონზე, მარტივად არ არის საკითხი, არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ისე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შექმნა და მისი დაცვა ევროპულ სტრუქტურებში – ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციით.
ეს არის აბსოლუტური რეალობა და მე მინდა მივმართო ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა თანხმობისთვის – შევქმნათ ფორმატები, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია იქნება ერთიანად წარმოდგენილი ამ პროცესებში, რადგან ეს არ არის არც ერთი პარტიის, არც ერთი ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

