“ქართული ოცნების” ყოფილ თანამებრძოლ-თანამოაზრეებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ნარკოტესტთან დაკავშირებულმა საკითხმა კი დაპირისპირება უფრო ღია და მწვავე გახადა. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას უარმა, საქართველოში ჩაიტაროს ნარკოტესტი და ასევე ოცნების მიმართ მისმა მწვავე გამონათქვამებმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის იმ დონის გაღიზიანება გამოიწვია, რომ მან, მთავრობის ყოფილ მეთაურს, “კოკაინშიკი” უწოდა, ვისზე საუბარშიც დრო არ უნდა დაიხარჯოს, რითიც, თუნდაც ირიბად, კონკრეტული ხაზგასმა გააკეთა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლის პოზიცია-ქმედებებში, გახარიასთან მიმართებაში, რუსულ ხელწერას ხედავს:
“მე, რა თქმა უნდა გახარიას, დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.
ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახდნენ ზუსტად იმავეს.
ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.
ვიღაც ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.
ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა,” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

