ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ინდურ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმება გაუქმდეს და მოხდეს ქვეყნისთვის იმ აქტივების დაბრუნება, რომელიც გადაცემული იყო კომპანია ,,ტრანსელექტრიკასთვის“:
,,ძალიან მარტივი რამ ხდება, არაფერი განსაკუთრებული: 2011 წელს იყო დადებული ის შეთანხმება ინდურ კომპანია ,,ტრანსელექტრიკასთან“ ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, უკვე ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა.
რა თქმა უნდა, აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი მაინც და მაინც მხოლოდ კომპანიის მხარეს, აქ არის ნაკრები სხვადასხვა მიზეზების – მათ შორის პროექტის სირთულე, რა თქმა უნდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ 1 წლის წინ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით ჩვენ მოველაპარაკოთ/შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ მოვშალოთ თანდათან ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული.
რა თქმა უნდა, აქ, რომ იყოს მარტო მათი ბრალეულობა, ჩვენ ალბათ ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის – მათ შორის ისევ და ისევ ვამბობ – მოსახლეობის თემა, პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე მხარემ, რომ ვიმუშაოთ იმაზე – ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის და იმ აქტივების, რაც აქამდე იყო გადაცემული ინდუსებისთვის – სახელმწიფოსთვის დავიბრუნოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


