პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაჩინეთის ინტერესები საქართველოში მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში - ალექსი...

ჩინეთის ინტერესები საქართველოში მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური კვლევა

ჩინეთის ეკონომიკური მოდელი, მისი პოტენციალი და გეოპოლიტიკური ინტერესები საკმაოდ საინტერესო კვლევის საგანია. სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ალექსი ნონიაძე მაქსიმალურად დეტალურად გვთავაზობს ამ მხრივ ჩატარებული კვლევისას მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს:

 

  1. ჩინეთის ეკონომიკა

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის როლი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რაც მისი მზარდი ეკონომიკის დამსახურებაა. 20 წლის წინ რიგითი ჩინელის ოჯახში მიუღწეველ ოცნებად ითვლებოდა მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი. მაგრამ ჩინეთმა კარგად გამოიყენა საკუთარი რესურსები და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში დიდ წარმატებასაც მიაღწია. მიუხედავათ იმისა, რომ ეს აღმოსავლური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ტრადიციების მტკიცე დამცველია, ჩინელებს ეს ხელს არ უშლის გლობალური მსოფლიოს მიღწევები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენენონ. დღეს ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცულობით აშშ-ის შემდეგ მეორე, ხოლო ექსპორტის მიხედვით პირველია მსოფლიოში. ჩინეთს გლობალურ სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის 13 %-იანი და იმპორტის 11%-იანი წილები უჭირავს. მისი ყველაზე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. იუანი საერთაშორისო სარეზერვო სავალუტო სისტემაში მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პირველ სამეულში შედის. მეტიც მაშინ, როცა 2020 წელს პანდემიის გამო მწარმოებლურობა მსოფლიოში -3,3%-ით, ხოლო ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიც არის აშშ – 3,5%-ით, დიდი ბრიტანეთი – 9,9%-ით, იტალია – 8,9%-ით შემცირდა, ჩინეთის ეკონომიკა 2,3%-ით გაიზარდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოფიციალური პეკინის მაკროეკონომიკური პოლიტიკა კარგად გააზრებული და დაგეგმილია.

 

  1. ჩინეთის გეოსტრატეგიული პოლიტიკა

როგორ მიაღწია ჩინეთმა ასეთ წარმატებას? ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ გამოვყოთ ძირითადი, რომელიც ჩვენი აზრით მთავარია და ჩვენს მიერ ამ სტატიაში დასმული პრობლემატიკის გაშლაში დაგვეხმარება. ჩინეთის მთავარი პრიორიტეტული მიმართულება მისი ეკონომიკაა, ამიტომ სახელმწიფოს მთელი ენერგია და ძალისხმევა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, ეკონომიკური ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. ერთი თავისებურება, რომელიც ჩინურ დიპლომატიას ახასიათებს ის არის, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი იდენტური და სტანდარტულია მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში. ეს მართებულია როგორც აშშ-ს ისე აფრიკის კონტინენტის, თუ ევროკავშირის სახელმწიფოების, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ. ამიტომ იმისათვის, რომ გავიგოთ რა ინტერესები გააჩნია ჩინეთს საქართველოში საჭიროა გავერკვეთ ზოგადად რა პოლიტიკას აწარმოებს იგი და რა ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად. ამაზე პასუხის გაცემა ადვილია. ყველგან სადაც კი ჩინეთის სახელმწიფო ინტერესები იკვეთება მიმართულია გავლენის სფეროების მოსაპოვებლამ მხოლოდ ერთი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი ჩინური პროდუქციისთვის იაფი ნედლეულისა და გასაღების ბაზრების მოძიება და დაცვა. მსგავსი პრაგმატული პოლიტიკა ოფიციალური პეკინისგან არც არის გასაკვირი, რადგან იგი ჩინელი ხალხის კულტურული თავისებურებებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარეა. მაგალითად თუ რიგით სტატისტიკურ ჩინელს დავაკვირდებით კარგად დავინახავთ, რომ ძალიან შრომისმოყვარე და პრაგმატულია. ტრადიციები და რელიგია საშუალებას არ აძლევს მას საქმეში ზედმეტი ემოციები და სნობიზმი გამოავლინოს. ხოლო მიზანს იგი დიდი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შედეგად აღწევს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მაშინ, როდესაც დიდი სახელმწიფოები მსოფლიოში გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ, ჩინეთი ყოველწლიურად „თავჩახრილი“ საკუთარ ეკონომიკურ პოტენციალს ავითარებდა (აქ კარგად იმუშავა ყურადღების არ მიქცევის პოლიტიკამ). მიჩნეულია, რომ ჩინეთი არ ატარებს იმპერიალისტურ პოლიტიკას. ამასთან ერთად არ ჰყავს მკაფიოდ გაცხადებული არც მოწინააღმდეგე და არც მეგობარი ქვეყნები. სანამ ამერიკის შეერთებული შტატები სხვა განვითარებულ სახელმწიფოებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარ სამხედრო ბაზებს აძლიერებდა, ჩინეთი ეგრეთწოდებული „რბილი ძალის“ გამოყენებით მსოფლიო ბაზრის დიდ ნაწილს იაფი პროდუქციით იპყრობდა.

 

  1. სატრანსპორტო პროექტი – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“,

თავის მხრივ ფინანსური ნაკადებმა, რომელიც საკუთარი პროდუქციის ექსპორტს შემოჰქონდა ქვეყანაში, ოფიციალურ პეკინს საშუალება მისცა დაგროვილი კაპიტალი სხვადასხვა სახელმწიფოს სახაზინო ვალდებულებებში ჩაედოთ. ასე მაგალითად ჩინეთი 1,1 ტრილიონი დოლარის ღირებულების აშშ-ს სახაზინო ვალდებულებას ფლობს. გამონაკლისი არც სხვა განვითარებული სახელმწიფოები არიან. ოფიციალური პეკინი კარგად ხვდება, რომ ქვეყანაში ექსპორტის შედეგად დიდი რაოდენობით შემოსული ვალუტის გაჩერება დიდი რისკის შემცველია, რომელიც ინფლაციურ პროცესებს უკავშირდება. ამიტომ „ფულმა ფული უნდა მოიგოს“ პრინციპით ჩინელები წარმატებულად ინვესტირებენ მსოფლიო ეკონომიკის ისეთ დარგებში, რომელიც მათ მწარმოებლურობას მომავალში უფრო გაზრდის. ამის გარდა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ჩინურ ინდუსტრიას მუდმივად ესაჭიროება იაფი ნედლეული, გასაღების ბაზარი და ამ ბაზრებისკენ მიმავალი თავისუფალი სატრანსპორტო კორიდორები. ამიტომ ჩინური კაპიტალის რეეინვესტირება ძირითადად მაინც ამ ამოცანების შესრულებაზე იხარჯება. ჩინეთი დიდი ხანია წარმატებით ახორციელებს პროექტს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელიც ეგრეთწოდებული ძველი „აბრეშუმის გზის“ აღდგენას ემსახურება. „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის ფარგლებში განიხილება სამი ტრანსევრაზიული ეკონომიკური დერეფნის შექმნა: ჩრდილოეთი (ჩინეთი – შუა აზია – რუსეთი – ევროპა), ცენტრალური (ჩინეთი – ცენტრალური და დასავლეთ აზია – სპარსეთის ყური და ხმელთაშუა ზღვა) და სამხრეთ (ჩინეთი – სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია – სამხრეთ აზია – ინდოეთის ოკეანე). ჩინეთმა „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის“ საშუალებით პროექტის საწესდებო კაპიტალში უკვე 40 მილიარდი აშშ. დოლარის ინვესტირება განახორციელა.

არსებობს „XXI საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ სახელწოდებით ცნობილი მეორე პროექტი, რომელიც ორი საზღვაო მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს. ერთი გზა მიემართება ჩინეთის სანაპიროდან სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში; ხოლო მეორე მოიცავს ჩინეთისა და ევროპის სანაპირო რეგიონების სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ინდოეთის ოკეანის გავლით დაკავშირებას. მაგრამ დღეს ისე როგორც არასდროს ჩინეთის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპასთან ხმელეთით დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანის ფუნქციონირება. რადგან აშშ-ის მხრიდან ჩინეთისთვის საზღვაო ტრასებზე ბარიერების შექმნის შემთხვევაში ერთადერთი ალტერნატივა ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის რკინიგზაა. ამიტომ ჩინეთი ძირითადად ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში დებს, ისეთი როგორიც არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, ასევე  მათ მარშრუტზე მდებარე პორტების მშენებლობა და რეკონსტრუქციაა. ერთადერთი მოთხოვნა აღნიშნული პროექტების განხორციელების მომენტში ის არის, რომ მშენებლობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მხოლოდ ჩინური ტექნოლოგია და სპეციალისტები (რითაც ჩინეთი ჩადებულ ფინანსური ინვესტიციების დიდ ნაწილს ფაქტიურად უკან იბრუნებს). ოფიციალური პეკინი მოქმედებს პრინციპით: „გააზიარეთ თუ არადა გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას“. ჩინური იაფი კაპიტალი იხარჯება ასევე სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაშიც. მაგრამ არ იფიქროდ, რომ ჩინელები აქაც უანგაროდ მოქმედებენ. გათვლა აქაც პრაგმატულია. იმისათვის, რომ სატრანსპორტო დერეფანის ლოგისტიკამ გამართულად და შეუფერხებლად იმუშავოს, სისტემას მუდმივად კვალიფიციური და ჯამრთელი სპეციალისტები ესაჭიროება. ამიტომ რომელ ქვეყანაშიც განათლებისა და მედიცინის დონე  თანამედროვე სტანდარტებს ჩამორჩება ჩინეთი იქ ცდილობს პარტნიორი სახელმწიფოები წამოწიოს.

დაბალი პროცენტის გარდა კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ჩინურ კრედიტს ახასიათებს ის არის, რომ დასავლეთის ფინანსური ინსტიტუტებისგან განსხვავებით ჩინეთი კრედიტორი ქვეყნებისგან არ მოითხოვს დემოკრატიული რეჟიმების არსებობას, ადამიანთა უფლებების დაცვას, დამოუკიდებელი სასამართლოებისა და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების წინაპირობას. ეს სავსებით მისაღები პირობაა შუა აზიის სახელმწიფოებისთვის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი), რომლებიც ავტორიტარული ქვეყნებია. ჩინეთი მათ მუდმივად ხელს უმართავს ფინანსურად, სამაგიეროდ სარგებლობს მათი იაფი ენერგო მატარებლებით, ნედლეულით და სატრანსპორტო კორიდორებით. ასევე ამ ქვეყნებს იყენებს როგორც საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზარს. პრინციპში იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ფედერაციის მიმართაც. ჩინეთის ინტერესები აქაც იაფი ნედლეული, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ხორბალი და მარცვლეული კულტურები, ამერიკელებისგან უკონტროლო ევროპისკენ მიმავალი სატრანზიტო შესაძლებლობები და საკუთარი პროდუქციის დიდი გასაღების ბაზარია. მიუხედავათ იმისა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები მკვეთრად იკვეთებიან, ეს სახელმწიფოები ამ ეტაპზე მაინც ახერხებენ თანამშრომლობას. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი თანამშრომლობა აშშ-ს სანქციებისა და პოლიტიკით არის განპირობებული. ძნელი სათქმელია, რომ არა აშშ-ს ფაქტორი ეს ორი სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებდნენ მჭიდრო თანამშრომლობას თუ არა.

 

  1. საქართველო

თავისი ინტერესები გააჩნია ჩინეთს კავკასიაშიც. სამხრეთ კავკასია ხომ ცენტრალურ ეკონომიკურ დერეფანში (ჩინეთი – ცენტრალური და დასავლეთ აზია – სპარსეთის ყური და ხმელთაშუა ზღვა) მნიშვნელოვანი ლოგისტიკური რგოლია. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც საუკეთესოდ გამოდგება ჩინური კომპანიებისათვის სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, ამიტომ ჩინელები პირველები იყვნენ ვინც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობა დღის წესრიგში დაყენეს, რადგან კარგად დაინახეს ამ პორტის პოტენციალი. ბოლო ათეული წლის განმავლობაში ოფიციალური პეკინის აქტიურობა საკმაოდ ინტენსიური გახდა. საქართველომ და  ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი.  საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის ჩინური კომპანიები თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. ოფიციალური პეკინი კმაყოფილია „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებით.

2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის ნაწილია და ევროკავშირის ქვეყნების სარკინიგზო მაგისტრალით შუა აზიასთან დაკავშირებას ხელს შეუწყობს. ეს გზა პეკინიდან მომავალ სატვირთო მატარებელს საშუალებას მისცემს ევროპაში დაახლოებით 20 დღეში ჩავიდეს – რაც ფინანსური და დროითი რესურსების დაზოგავს გამოიწვევს. სარკინიგზო მაგისტრალის გახსნამდე რამოდენიმე თვით ადრე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. როგორც საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალიდან ვხედავთ ჩინელებს ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია აინტერესებთ, რაც ჩვენს აგრო სექტორს დიდ შესაძლებლობას აძლევს. 1.4 მლრ. მომხმარებლის მოცულობის ბაზრის მოთხოვნების ათვისება საკმაოდ დიდ  ბენეფიტს მოუტანდა ქართულ ეკონომიკას. ევროკავშირთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით დიდ პერსპექტივებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. კომპანიებს ექმნებათ შესაძლებლობა ჩინური  საწარმოო კომპონენტებით აწყობილი პროდუქცია სატარიფო ბარიერების გარეშე ევროპის ქვეყნებში გაყიდონ.

2020 წლის მონაცემებით აზიის განვითარების ბანკს კუმულატიური სესხებით საქართველოზე 1.78 მილიარდ აშშ დოლარის სესხი აქვს გაცემული. პანდემიის პირობებში აღნიშნულმა ბანკმა სესხის სახით საქართველოს 1,455 მლრ. ლარი, ხოლო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა 450 მლნ. ლარი გამოუყო.

ჩინეთ-საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მუშაობს კონფუცის ინსტიტუტი (საქართველო გამონაკლისი არ არის. მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრები არსებობს ყველა რეგიონში სადაც ჩინეთი თავის ეკონომიკურ ინტერესს ხედავს). კონფუცის ინსტიტუტს კულტურულ-საგანმანათლებლო მისიის გარდა ჩინელები პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ. მისი დახმარებით ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობასა და ხალხთაშორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების სარგებლიანობაზე ხაზგასასმელად.

 

  1. ჩინეთის ინტერესები შავი ზღვის აუზის აქვატორიაში

ასევე ჩინეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე გასვლის შესაძლებლობას, რადგან შავი ზღვის  აუზს განეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც (მაგალითად: ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა), საიდანაც ჩინეთიდან წამოსული ტვირთი თავისუფლად შეიძლება მოხვდეს ევროპის დანარჩენ რეგიონებში. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ჩინეთი უკრაინის, მოლდოვასა და ბელორუსის მიმართ. ამ ქვეყნებში იგი ძირითადად ინვესტირებას ახდენს საკუთარი ტექნოლოგიებისა და სპეციალისტების ხარჯზე, რის სანაცვლოდ დაინტერესებულია ევროპისკენ მიმავალი სატრანზიტო გზებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ამის გარდა ჩინელების ინტერესის სფეროს წარმოადგენს უკრაინასა და ბელორუსში საბჭოთა კავშირის დაკონსერვირებული სამხედრო ტექნოლოგიებიც, რომელთა განხორციელებაც ვერ მოესწრო გასული საუკუნის 80-90-იან წლებში.

ბელორუსი მზად არის ევროპის ქვეყნებში ჩინური ტვირთების გასატარებლად ერთგვარ ჰაბადაც იქცეს. მაგრამ რეგიონში პოლიტიკური სიტუაცია არაერთგავროვანია და არ შეიძლება აქ აშშ-ის ფაქტორი გამოვრიცხოთ. მინსკი – ბერლინის სატრანსპორტო დერეფანი პოლონეთზე გადის. თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ ეს მათ ინტერესებს აზიანებს და პროცესში აქტიურად ჩაერევიან დიდი ალბათობით ეს შესაძლებლობა დაიბლოკება. ბუნებრივია  დონბასის კონფლიქტი და მისგან გამომდინარე შედეგებიც თავის კორექტირებს შეიტანს ჩინელების მომავალ გეგმებში. ოფიციალურ კიევს გაცხადებული აქვს, რომ იგი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ეს ამ უკანასკნელის ჯარების დისლოკაციას ნიშნავს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან. ბუნებრივია რუსეთის ინტერესებში ეს არ შედის (მისი მოკავშირე რეგიონში მხოლოდ ბელორუსია). აქედან გამომდინარე კრემლისთვისაც და თეთრი სახლისთვისაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვის აუზის აქვატორიის კონტროლს. ოფიციალური ვაშინგტონისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში ზედმეტად „გათავხედებულ“ და ეკონომიკურად მომძლავრებულ ჩინეთს ევროპისკენ მიმავალ სავაჭრო დერეფანი შავი ზღვაზე გადაუკეტოს, რაც ოპონენტთან სავაჭროდ დამატებითი კოზირი იქნება მისთვის. თავად ჩინეთის პოზიციაც გაურკვეველია. არ აწყობს შავ ზღვაზე ამერიკელები და რუსებიც მოძლიერებაც ნაკლებად ხელს აძლევს, რადგან  ტრანსევრაზიული ეკონომიკური დერეფნის შექმნაში ოფიციალური პეკინი ხომ თავიდანვე „ჩრდილოეთის“ (რომელიც რუსეთზე გადის) მიმართულების ალტერნატივად „ცენტრალურ“ (კავკასია) მარშრუტს განიხილავდა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კავკასიის რეგიონშიც და უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზეც სამხედრო გავლენას მოიპოვებს ამითი ჩინელებს ამ ალტერნატივას მოუსპობს (სხვათაშორის ამ გეოსტრატეგიულ თამაშებს ეწირება ანაკლიის პორტიც, რუსეთს არ აწყობთ მისი მშენებლობა, ხოლო ამერიკელებს აწყობთ თუ ის მათი კონტროლის ქვეშ იქნება). ეს კი ერთ რამეს უქადის პირველ რიგში ოფიციალურ პეკინს, კრემლი მას საკუთარი გაზისა და ნავთობის „ნემსზე შესმას“ უპირებს და ადვილი შესაძლებელია, რომ უფრო მაღალი ტარიფით ვიდრე დღეს სთავაზობს. თუ ჩინელებმა მაინც მოახერხეს შავ ზღვაზე დერეფნის გაჭრა „აბრეშუმის გზის“ აღდგენის ერთ-ერთი საშუალებად რუმინეთის მიმართულება რჩება.

სამომავლო პერსპექტივაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩინეთის ინტერესის თვალთახედვის არეალში აუცილებლად მოექცევა ბალტიისა და ბარენცის ზღვის აუზის ქვეყნებიც. რადგან აშშ-ს – ჩინეთს შორის „სანქციების ომი“ ახლო მომავალში შეიძლება „ცივ ომში“ გადაიზარდოს ორივე ქვეყნისთვის შესაბამისი ეკონომიკური შედეგებით. მართალია ამ ეტაპზე ჩინეთი ამის მოსურნე არ არის, მაგრამ პროცესები შეუქცევადია და ადრე თუ გვიან დაპირისპირების გამძაფრება ორ სახელმწიფოს შორის გარდაუვალია. ამიტომ ჩინეთი წინდახედულად იქცევა და ცდილობს სარეზერვო სატრანზიტო მარშრუტები ჰქონდეს ყველა მიმართულებით. ამ ეტაპზე ამის ფინანსური შესაძლებლობები ჩინეთს აქვს და ეცდება, რომ იგი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს.

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

www.imf.org

https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/152-expert-opinion-geo.pdf

https://www.thebalance.com/u-s-debt-to-china-how-much-does-it-own-3306355

http://www.eaeunion.org

http://aprcenter.ru/component/k2/328.html

https://www.adb.org/ka/publications/georgia-fact-sheet

https://www.aiib.org/cms/en/search/index.html?query=georgia

https://en.wikipedia.org/wiki/Belt_and_Road_Initiative

https://www.geostat.ge/

http://gov.ge/

https://mfa.gov.ge

http://www.economy.ge/

http://www.china.mfa.gov.ge

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...