პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, მთავრობის მიერ გაცხადებულ გეგმებთან დაკავშირებით, მძიმე შეფასება-განმარტებებს ახდენს, რიგ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“თბილისის აეროპორტის გაფართოებაში თურქებმა და ფრანგებმა 150 მილიონი დოლარი უნდა ჩადონო. ამ მასშტაბის მშენებლობას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება, ანუ 2029 წლამდე. შემდეგ კი ამბობენ, რომ 2032 წელს ვაზიანში ახალ აეროპორტს გახსნიან. რა გამოდის-ამხელა ფული ჩადო ძველი აეროპორტის გაფართოებაში და სამი წლის შემდეგ დახურო?
ვაზიანის ახალი აეროპორტი(3,5 მილიარდი ლარი), ერთი მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საფეხბურთო სტადიონი, ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სამთავრობო კორპუსების აშენება არსენალის მთაზე, ასევე მილიარდი ლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა რუსთავის გზაზე და ქუთაისში და ა.შ.-ყოველივე ეს დიდი კორუფციული სქემის ნაწილია, სადაც „ოცნების“ პოლიტიკური და ბიზნესკლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს.
შესაძლოა, ყველაფრის წამოწყება ვერ მოახერხონ, მაგრამ რაღაც პროექტებს ხომ დაიწყებენ, თანხის ნაწილის მითვისებას ხომ მოასწრებენ და ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილ-რუხაძის ცემენტსა და არმატურასაც ხომ გაასაღებენ.
რასაც სჩადიან, ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

