განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:
“ბევრნი ვამბობდით, რომ ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად ეპოქა დამთავრდა. ასეთი განცდა მართლაც არსებობდა, მაგრამ ეს ილუზიაც იყო.
იმ ეპოქის დასასრული, რომლის სიმბოლოდაც იქცა ილია მეორე და რომლის მთავარ ნიშანს შეადგენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თითქმის უპირობო სიმბოლური ავტორიტეტი ხალხის უდიდეს ნაწილში, ილიას სიკვდილამდე სულ მცირე 10 წლით ადრე დაიწყო. ეკლესიის მორალური სტატუსის ვარდნა თავად ილიას მითოლოგიზებულ ფიგურას ნაკლებად შეეხო, თუმცა ისიც, ამ ბოლო პერიოდში, უფრო აჩრდილი იყო, ვიდრე რეალური ფიგურა.
მის დაკრძალვაზე მოსული ზღვა ხალხი სწორედ ამ უკვე დასრულებული ეპოქის ბოლო სიმბოლოს გამოემშვიდობა.
შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში. ეკლესია დარჩება გავლენიან სოციალურ ძალად. მაგრამ ეს ის ძალა აღარ იქნება, რომელმაც, ზოგიერთის აზრით, 2012 წლების არჩევნების ბედი გადაწყვიტა (შეუძლებელია ცალსახად თქმა, მართლა გადაწყვიტა თუ არა, მაგრამ თავად ეს ვარაუდი კანონიერია).
უშუალოდ მისი არჩევის გარემოებები ამ ფუნდამენტურ სისუსტეებს ასახავს. მას თავიდანვე დაჰყვება ხელისუფლების და რუსეთის (ბევრისთვის ეს ერთი და იგივეა) მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯი და მას ადვილად ვერ მოიცილებს. ჩვენს მთავრობას იმდენი ჭკუაც არ ეყო, შიოს ღია მხარდაჭერისგან თავი შეეკავებინა. მაგრამ „პარტიული პატრიარქის“ იმიჯი სერიოზულად ასუსტებს მის ავტორიტეტს.
(ცხადია, ილია მეორეც იმდროინდელი მთავრობის კურთხევით დაინიშნა, მაგრამ მაშინ სხვაგვარად უბრალოდ ვერ იქნებოდა. ახლა კი სხვა მოლოდინები გვაქვს).
შესაძლოა, ტექნიკური კანონიკური წესებით მეუფე ისაია და მეუფე დანიელი სამართლიანად გამორიცხეს პატრიარქობის შეჯიბრებიდან, მაგრამ ესეც თავიდანვე შავ ლაქად მოჰყვება ახალ პატრიარქს: აღქმის დონეზე, მან ხელოვნურად მოიცილა ღირსეული კონკურენტები.
შიო მხოლოდ დღეიდან იწყებს ილია მეორის ჩრდილიდან გამოსვლას. მას აქვს შანსი, თანდაყოლილი სისუსტეები დაძლიოს. ამისთვის, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის და პრინციპულობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

