ორშაბათი, მაისი 6, 2024

სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა“ – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს შუალედური ანგარიში წარადგინა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად განაცხადა, რომ საქართველოს 45 მოქალაქეა დაინფიცირებული საზღვარგარეთ და 13 მათგანი გარდაიცვალა. ასევე სახელმწიფოს ხელშეწყობით უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა 10 ათასზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 682 სტუდენტი. ასევე ჩაკეტილი საზღვრების და გადაადგილებაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე, სახმელეთო გზით სამშობლოში დაბრუნდა 3 946 მოქალაქე:

სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს, ხოლო ამ ეტაპისთვის, COVID-19 გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბრიფინგზე საუბარი იყო უცხოეთში კორონავირუსით ინფიცირებულ და გარდაცვლილ ჩვენს თანამემამულებთან დაკავშირებითაც:

განსაკუთრებული ყურადღების საგანია ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული ოჯახის მიმართ.

არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა მხედველობაში მაქვს გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, უზრუნველყო სატრანზიტო მარშრუტების დაგეგმვა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. გამგზავრების ჰაბებში იყვნენ გადაყვანილი; ასევე ხდებოდა სახმელეთო მონაკვეთებზე გადაადგილების დერეფნების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობები მოქალაქეებს ე.წ. ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში ეხმარებოდნენ, რომლებიც სხვა ავია-კომპანიების მიერ სრულდებოდა,“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გარდა პანდემიისა, რომელიც მსოფლიოს დღის წესრიგი იყო ყურადღება ეთმობოდა და მუშაობა არ გაუჩერებია იმ მიმართულებებზე, რომელიც საგარეო უწყების ჩვეულებრივი დღის წესრიგია, ასევე აქცენტი გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ნაბიჯებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი საზრუნავი დაავადებასთან გამკლავება იყო, სამინისტროს არ შეუჩერებია მუშაობა იმ მიმართულებებზეც, რომლებიც საგარეო უწყების ჩვეულებრივი დღის წესრიგის ნაწილია და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პირობებში შევინარჩუნეთ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური საკითხების აქტუალობა. მათ შორის აქტუალური იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ უკანონო ნაბიჯებზე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე მივიღეთ უპრეცედენტო ხასიათის რეაგირება.

გაიმართა საქართველოს-პრემიერ მინისტრის ვიდეო-კონფერენციები და სატელეფონო საუბრები ევროკომისართან გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან.

აქტუალური და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების მომტანი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობა, შედგა – სატალეფონო საუბრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ნატოს მინისტერიალი, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გაძლიერდა უკრაინისა და საქართველოს მხარდამჭერი ზომები; გაიმართა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო მინისტრის 30-მდე ვიდეო-შეხვედრა და სატელეფონო საუბრები;

ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის ინიციატივით განახლდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მუშაობა და მიღებული იქნა COVID-19-ზე წევრი სახელმწიფოების დეკლარაცია,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული