მმართველი პარტიის ცალკეულმა გადაწყვეტილებებმა, ვადამდელი არჩევნების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ეჭვი გააჩინა და ასევე დაიწყო მსჯელობა არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით. საკითხს კონკრეტული პოზიციით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური:
“კვლავ წამოიწია ვადამდელი არჩევნების თემამ და უმალ გამოჩნდნენ პარტიები, ვინც პიონერული სალამი უძღვნა არჩევნებში შესვლას.
რეჟიმის წესებით ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები იქნება უკანონო; აკრძალული პარტიების, პოლიტიკური პატიმრების, წართმეული საარჩევნო უფლების პირობებში არც არჩევნები არ არსებობს და არც ლეგიტიმაცია.
პოლიტიკური სულმოკლეობის სამარცხვინო შედეგები უკვე ნახეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ადგილობრივი არჩევნების ფარსში მიიღეს მონაწილეობა. იგივე გზაზე შედგომას ექნება იგივე შედეგები – სხვა პოლიტიკური ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს.
ასევე, სრულიად ცხადია, რომ რეჟიმის უკანონობაში ჩართვა არის ასობით ათასი პატრიოტის ღალატი, ვინც სიყალბეს და ცინიზმს დღემდე არ ეგუება“, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

