საქართველოს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივას “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებასთან” დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე:
“საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულის მოულოდნელი გაუქმება ვერანაირად ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ-ტექნიკურ ნაბიჯად.
ეს ქმედება ზუსტად ესადაგება იმ პოლიტიკურ ხაზს, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ატარებს. ხაზს, რომელიც ეტაპობრივად შლის სიტყვიერ და სამართლებრივ დისტანციას რუსეთსა და ოკუპაციას შორის.
როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად აქრობს სახელმწიფო დოკუმენტებიდან ტერმინ „ოკუპანტს“, ჩუმად ცვლის რიტორიკას რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ და კონფლიქტს „შიდა პრობლემად“ წარმოაჩენს, ადმინისტრაციული სტრუქტურების გაუქმება ხდება არა ფორმალურ ნიუანსად, არამედ პოლიტიკური პროცესის ნაწილად.
,,ქართული ოცნების” მიერ უზურპირებული ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ოკუპანტი წარმოაჩინოს იმ ,,მშვიდობის მტრედად”, რომელიც ,,ძმათა შორის კონფლიქტში” მშვიდობიან მონაწილეობას იღებდა და აარიდოს ოკუპანტის პასუხისმგებლობას.
სწორედ ამის მომასწავებელი იყო არალეგიტიმური ხელისუფლების ოლიგარქის, ივანიშვილის განაცხადი, რომ საქართველოს ბოდიში ჰქონდა მოსახდელი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება”, საქართველო პირდაპირ ხელს უწყობს არსებული მოცემულობის ,,ნორმალიზაციას” და საბოლოოდ აღიარებას.
სწორედ ეს ნორმალიზაციაა ყველაზე სახიფათო.
მსოფლიოსთვის საქართველოს პოზიცია ყოველთვის იყო მკაფიო, რომ: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული და საომარი გზით მოწყვეტილი ტერიტორიებია.
ახლა კი, როდესაც ტერმინოლოგია რბილდება, სამართლებრივი ჩანაწერები იცვლება და სახელმწიფო ნაბიჯები უფრო სუსტი და გაურკვეველი ხდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო საკუთარ სახელმწიფოს ნაკლებად იცავს და ფაქტობრივ რეალობას ეჩვევა.
საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ფაქტობრივად აწარმოებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და რუსეთის პირდაპირი დაკვეთის შესრულებას!
მართალია, ეს არ არის აღიარება საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე, მაგრამ არის პოლიტიკურად საშიში წინსვლა იმ მიმართულებით, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, რაც გულისხმობს საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენული პოზიციის თვითდაკნინებას.
აღსანიშნავია, რეგიონული კონტექსტიც, რაც ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
დღეისათვის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება: რუსეთი უკრაინასთან საომარი ვითარების კვალდაკვალ, აზერბაიჯანი პოულობს ახალ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს, თურქეთი კი ზრდის გავლენას.
ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ოკუპაციის საკითხს ხდის უფრო ბუნდოვანს და ნაკლებად გამოკვეთილს, მოქმედებს როგორც სიგნალი არა პარტნიორებისკენ, არამედ კრემლისკენ.
ეს ქმნის რეალურ და არა თეორიულ საფრთხეს, რომ რუსეთი გამოიყენებს საქართველოს შერბილებულ რიტორიკას როგორც არგუმენტს საერთაშორისო ფორუმებზე და დაამტკიცებს: „თვითონ საქართველო აღარ ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოში ოკუპაცია მიმდინარეობს და მაშ, ჩვენ რაღას გვედავებითო?“
განსაკუთრებით მძიმეა ის, რაც ამ პროცესში ემართებათ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლებს.
„მცოცავი ოკუპაცია“ ყოველდღიური რეალობაა, სადაც ადამიანები იღვიძებენ და ხედავენ, რომ მავთულხლართი კიდევ რამდენიმე მეტრით არის გადმოწეული.
მოქალაქეები ვერ აკითხავენ საკუთარ მიცვალებულებს, ვერ გადიან ეზოებში უშიშრად და სახლიდან გასულებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ უკან დაბრუნებულებს სახლი ან ეზო ოკუპირებული არ დახვდებათ.
ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს პოზიციის შერბილება არა მარტო ვერ იცავს მათ, არამედ მათვე ტოვებს უპატრონოდ.
როდესაც ხელისუფლება ოკუპაციაზე აღარ საუბრობს მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად, ის უშლის საერთაშორისო მხარდაჭერას, აქვეითებს ზეწოლის მექანიზმებს და ადგილობრივი მოსახლეობას უფრო დაუცველ მდგომარეობაში აგდებს. ეს ადამიანები დღეს არა მარტო გაურკვეველი საზღვრის, არამედ გაურკვეველი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებშიც ცხოვრობენ და ისინი განწირულნი არიან.
არალეგიტიმური ,,ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი: ტერმინოლოგიის განდევნა, ადმინისტრაციული ერთეულების გაუქმება, კონფლიქტის „შიდა პრობლემად“ შენიღბვა და სხვა, ქმნის ერთ მთლიან სურათს: საქართველოს ხელისუფლება თანდათან უბიძგებს ქვეყანას ისეთი პოლიტიკური რეალობისკენ, სადაც ოკუპაციის ფაქტი აღარ იარსებებს, ხოლო რუსეთის გავლენები მეტწილად შეუმჩნევლად, ეტაპობრივად ლეგიტიმირდება.
სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე!
ოკუპაცია იარაღით მიმდინარეობს, მაგრამ მისი ნორმალიზაცია იმ სიტყვებით, დუმილით და ადმინისტრაციული ცვლილებებით, რასაც დღეს ,,ქართული ოცნება” აკეთებს და თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიცია შესაძლოა აღმოჩნდეს იმდენად შელახული, რომ მისი აღდგენა გაცილებით ძვირი და რთული გახდება, ვიდრე დღეს გულწრფელი, გამჭვირვალე და პრინციპული პოზიციის დაფიქსირება“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

