პარასკევი, აპრილი 19, 2024

გიორგი ვაშაძისა და სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის სამეტაპიანი გეგმა: ეკონომიკის სწრაფი ამუშავება, შეზღუდევების მოხსნა და საზღვრების გახსნა

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად წარადგინა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ფაზის პრეზენტაცია, როგორ გადავურჩეთ მასობრივ შიმშილს:

საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა კორონავირუსთან ერთად არის შიმშილის პრობლემა. დიახ, მასობრივი შიმშილი გვემუქრება თუ გავაგრძელებთ იმ მიმართულებით სვლას, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად შევისწავლეთ მთელი მსოფლიოს გამოცდილება საუკეთესო ეკონომისტებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად და დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ის ალტერნატიული გზა, რომელიც მაქსიმალურად აგვარიდებს თავიდან სამუშაო ადგილების დაკარგვას და მასობრივ შიმშილს ქვეყანაში,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძისა და სტრატეგია „აღმაშენებლის გუნდის სამ ეტაპიანი გეგმა, ითვალისწინებს ეკონომიკის სწრაფ ამუშავებას და შეზღუდევების მოხსნასა და საზღვრების გახსნას ეპიდ. უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

15 მაისი – ეკონომიკური და ადმინისტრაციული შეზღუდვების მოხსნა ქვეყნის შიგნით;

1 ივნისი – სახმელეთო საზღვრების გახსნა, წინასწარი ტესტირების პირობით;

15 ივნისი – საჰაერო საზღვრების გახსნა ტურისტების მიღება ეპიდ უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

4 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს:

ნაბიჯი 1 . საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნა, ეპიდ უსაფრთხოების სტანდარტებით;

ნაბიჯი 2. ქვეყნის შიგნით მინიმუმ 100 000 მოქალაქის ტესტირება;

ნაბიჯი 3. ტურისტების წინასწარი სავალდებულო ტესტირების დანერგვა (კოვიდ პასპორტი);

ნაბიჯი 4. საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

სახმელეთო გზით შემოსული ადამიანი ჯერ გადის ტესტირებას შემდეგ საპასპორტო კონტროლს, ხოლო საჰაერო გზით შემოსული მგზავრი, იმ აეროპორტში საიდანაც მოფრინავს, ჯერ გადის ტესტირებას და თუ არის “კოვიდ 19”-ზე უარყოფითი ამ შემთხვევაში შეუძლია გამოფრენა.

უნდა დაიწყოს კოვიდ პასპორტების გაცემა.

მაგალითად ავსტრიამ გამოაცხადა, რომ ყველა მგზავრს ექნება ხელმისაწვდომობა ვენის აეროპორტში კოვიდ პასპორტთან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერ ლიდერს კონკრეტული შედარებები მოჰყავს, კერძოდ ტურიზმის და სამასპინძლო სექტორიდან მიღებული შემოსავალი 2018 წელს – 3.222 მლრდ.$ იყო, 2019 წელს – 3.268 მლრდ.$ და 9 357 964 ვიზიტორი.მისი აზრით, თუ ეს თანხა საქართველომ გაანულა და არ მიიღო ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსი ვერ გაჩერდება და დავარდება, რითიც დაახლოებით 100 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება.

გიორგი ვაშაძის განმარტებით მეორე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც ძალიან სერიოზულად დაზარალდა არის მანქანების რეექსპორტი, 2019 წელს ავტომობილების რეექსპორტი 680 მლნ$ იყო. ტურზმისა და მანქანების რეექსპორტი სექტორში პირდაპირი და ირიბი კონტრიბუციით დასაქმებულთა რაოდენობა 500 000-ზე მეტია და ამ სამუშაო ადგილებს სჭირდებთ შენარჩუნება. რადგან ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე კი არ ვსაუბრობთ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.

„ქართული ოცნების“ გზა არის მასობრივი შიმშილისაკენ სვლის გზა, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავყვეთ ამ პროცესში. ჩვენ წარმოგიდგინეთ სამეტაპიანი გეგმა კონკრეტული თარიღებით, კონკრეტული ალგორითმებით და გეგმებით როგორ უნდა მოიხსნას შეზღუდვები. მინიმუმ 2 მილიონი ტურისტი მაინც უნდა მივიღოთ ამ ზაფხულს საქართველოში, რადგან ამ გაჭირვების ჟამს ეს არის საქართველოსათვის უზარმაზარი შემოსავალი და ასევე როგორ არ უნდა დავკარგოთ 500 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

როგორც პრეზენტაციაზე წარმოადგინა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, 45 დღე გავიდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და ამ ხნის განმავლობაში საქართველო ყოველდღიურად კარგავს 100 მილიონ ლარს. გიორგი ვაშაძის შეფასებით ჯამურად სულ დაიკარგა 4.5 მლრდ. ლარი, მთავრობის გეგმით შეზღუდვები გაგრძელდება კიდევ 76 დღე რაც ნიშნავს,რომ საქართველო დამატებით დაკარგავს 6 მლრდ. ლარს. მისი თქმით მთავრობის გეგმა არ ითვალისწინებს საზღვრების გახსნას, ევროკავშირის ქვეყნებმა კი უკვე დაიწყეს შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ და სტატეგია „აღმაშენებლის“ გუნდმა 27 მარტს საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს ანტიკრიზისული გეგმის პირველი ფაზის ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაწერილი იყო თარიღები როგორ უნდა მოხსნილიყო შეზღუდვები და დაწყებულიყო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება 12 აპრილისათვის.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული