“კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“, – ამ პათოსით გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა ევროკომისიამ, რასაც, სოციალურ ქსელში, კონკრეტული პოზიციით და “ქართული ოცნების” მიმართ მწვავე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
“🇬🇪🇪🇺 ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!
“ქართული ოცნების” ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა. ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.
ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ, თუ როგორ ჩამოაშორა “ქართულმა ოცნებამ” საქართველო ყველა მიმართულებით ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.
ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განზრახ გაშვებას.
ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტიევროპულ რიტორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.
ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!
პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!
ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!!
არ შევეგუებით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

