ქართველი მწერალი, დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ცალკეულ ფაქტებს იხსენებს, შედარებას ახდენს და კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს სხვადასხვა ეპოქის ქართველ სამართალდამცავებთან დაკავშირებით:
“რაც უფრო მეტად ვაკვირდები “სამართალდამცავების” ქცევას და ვიხსენებ რა 9 აპრილის ქრონიკებს, ვრწმუნდები, რომ საბჭოთა ქართული მილიციის მოქმედება იმ ღამით – ხალხის დახმარებას რომ ცდილობდნენ ალაგ-ალაგ – უმეტესწილად გამოწვეული იყო არა მათი ადამიანურობით და ქართველობით, არამედ იმით, რომ უბრალოდ არ ჰქონდათ მკაფიო ბრძანება, რა ექნათ, რადგან ცეკას მდივან პატიაშვილიან – შსს მინისტრ გორგოძეიანად ყველა დისფუნქციური იყო უკვე… აღარც სახელმწიფო იყო და აღარც გამოკვეთილი უფროსი საუფროსო ბრძანებებით, თორემ ასეთი რომ ყოფილიყო, ეჭვი არ მეპარება, წაეხმარებოდნენ კიდეც რუსებს.
ის რომ ვიღაც ხელს არ სწევს მოქალაქეზე, გამონაკლისია და არა ნორმა. მათი საქციელის რომანტიზებაც ხალხის პოლიტიკურ-ეროვნული სურვილი იყო და არა რეალობა.
პოლიციელი მაშინ არის სამართლიანი, როცა სახელმწიფოა სამართლიანი, უსამართლო სახელმწიფოში კი მილიცია დანაშაულის თანამონაწილეა, ხოლო ქაოსის დროს – ისეთივე დაბნეული და დამფრთხალი, როგორიც იმ დღეს ვნახეთ, მანქანამ რომ დაარტყა სკოლის მოსწავლეების აქციაზე და რეაქციაც რომ ვერ მისცა… ისევ პირბადეებს რომ დაერია მეორე დღეს, რახან ბრძანება პირბადეების დევნაა და არა დამნაშავის“, – აცხადებს ლაშა ბუღაძე.

