საქართველოს საგარეო უწყებამ ევროპის ქვეყნების ელჩები სამინისტროში დაიბარა. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარში მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მინიშნებები გააკეთა ელჩებთან მიმართებაში და განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად ევროპელ დიპლომატებთან დამოკიდებულება რჩება ცალმხრივად მეგობრობის რეჟიმში:
“პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ ვრჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში.
ჩვენ კარგად ვიცით, რა წერია ვენის კონვენციაში, ზუსტად ვიცით, როგორი ქცევა შეესაბამება ვენის კონვენციას. ჩვენც გვყავს დიპლომატები და ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, ამას თუ გააკეთებენ, ზუსტად ვიცით, რომ ქვეყანას ექნება შესაბამისი რეაგირება.
ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ახორციელებს საქართველოში, რაც მიუღებელია, თუმცა ამ მოქმედებების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რადგან ვუფრთხილდებით წლებით ნაშენებ ურთიერთობებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.