სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან მძიმე ფაქტების გახსენებასთან ერთად, პარალელს ავლებს დღევანდელობაზე და მძიმე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
“მდუმარე ხალხზე:
ყოველთვის მიკვირდა, როგორ დაუშვა საზოგადოებამ ის, რაც ხდებოდა წინა საუკუნის 30-იან წლებში? როგორ ასმენდნენ ერთმანეთს, როგორ აპატიმრებდნენ ნათესავებს, მეზობლებს, კოლეგებს? როგორ ითვისებდნენ მერე მათ სახლებსა და თანამდებობებს?
როცა ამ ისტორიებს კითხულობ ან ისმენ, გინდა ახსნა მოუძებნო ამ სისატიკეს, ცდილობ ყველაფერი რამდენიმე სასტიკ ადამიანს დააბრალო, დანარჩენები კი მსხვერპლად წარმოიდგინო.
მაგრამ დღეს, თავად ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რაზეც ადრე მხოლოდ წაგვიკითხავს და ჩვენი თვალით ვხედავთ:
პოლიციელს რომელიც ერთდროულად არის ცრუ მოწმეც, დამკავებელიც და მცემელიც;
მოსამართლეს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ უდანაშაულო ადამიანს წლობით უშვებს ციხეში;
ბრალმდებელს, რომელიც ცრუობს იმაზე, რაც არ მომხდარა, და ეს თავადაც კარგად იცის;
უსინდისო დამსმენებს (კომუნისტების დროსაც კი სასირცხვილო იყო და ანონიმკებს წერდნენ), რომლებიც საჯაროდ ასმენენ და აბეზღებენ პატიოსან ადამიანებს, ცხოვრებას უნგრევენ და ამაში პრემიას იღებენ;
შენი ფულით გამდიდრებულ გოიმ ჩინოვნიკებს, რომლებიც შენგან მოპარული ფულით ნაძვის ხეს რთავენ, 2000 კმ დაშორებული ქვეყნიდან მზა ტორტებს უკვეთავენ ან სახელმწიფო თვითმფრინავებით ოჯახობით და საძმაკაცოთი, შოპინგ ტურებში დაფრინავენ იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებითაც შენ გაშინებენ…
კიდევ რამდენი რამე…
და ამ დროს, შენ ზიხარ, არ იმჩნევ ნათესავს, მეზობელს, კოლეგას როგორ ათრევენ სასამართლოში, როგორ აჯარიმებენ, როგორ ურტყამენ, ასახიჩრებენ (ხშირად ონლაინ რეჟიმში), სამსახურიდან აგდებენ და დუმხარ, ვითომც არაფერი.
გასული საუკუნის 30-იან წლებში ადამიანებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, არც ტელეფონები, არც სოციალური ქსელები, არც ვიდეოები (თუკი შეიძლება ეს მათ გამამართლებელ გარემოებად გამოდგეს). დღეს კი ყველაფერზე წვდომა გვაქვს, ჯერ კიდევ, ყველაფერს ხედავ, და მაინც დუმხარ.
მოძალადე რეჟიმებს მხოლოდ ის ადამიანი კი არ ქმნის, ვინც უშუალოდ ძალადობს, არამედ ისიც ვინც ხელს აწერს უკანონო გადაწყვეტილებებს, ვინც იდეოლოგიურად ამართლებს ძალადობას, ვინც დუმს და თვალს ხუჭავს.
დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!
გავა დრო და ხვალ ბევრი ასეთი მდუმარე იტყვის, რომ სწორ მხარეს იდგა, რომ გულში არ ეთანხმებოდა და ჩუმად, “დაჟინებული მზერით” შლიდა სისტემას შიგნიდან, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ასეთ მდუმარე ადამიანებზე დგას და იდგა ყველა ჯურის რეჟიმი.
ხოდა, ჩემო მდუმარე ადამიანო, რეჟიმი ყველასთან მივა და ყველას სატიკად მოექცევა, და რაც უფრო დუმხარ, ან ახლოს ხარ რეჟიმის ე.წ. ელიტასთან (ან გგონია, რომ ახლოს ხარ), მით უფრო ადრე და სასტიკად მოვლენ შენთან. ცოტა ისტორიაც გადაიკითხეთ!” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.