ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოწვევები – ნაწილი I – ალექსი ნონიაძე

1 ნაწილი: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის მართვის საჭიროება

შეიძლება თამამად ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკური საქმიანობა თითქმის მთელ მსოფლიოში დააპაუზა. გაჩერებულია როგორც დიდი კომპანიები, ისე მცირე და საშუალო საწარმოები. დახურულია კაფეები, ბარები, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები. ყველა მასობრივი კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, პანდემიის დამთავრებამდე, გადადებულია გაურკვეველი ვადით. ბოლომდე გაჩერებულია ტურიზმის მრავალმილიარდიანი ინდუსტრია. სახელმწიფოებს შორის დაკეტილია საზღვრები. საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის შეჩერებულია. სოციალურ ქსელებში ევროპის დიდი ქალაქების ფოტოები ვრცელდება. უკაცრიელ ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ ცხოველები, რადგან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ადამიანები დიდი ხნით საკუთარ სახლებში გამოკეტილი, თვითიზოლაციაში რეჟიმში იმყოფებიან.

ძნელია წინასწარ განისაზღვროს რა სოციალურ და ეკონომიკურ ზარალს მოუტანს კაცობრიობას კორონავირუსის პანდემია, ამაზე მხოლოდ პროგნოზირება შეიძლება. მაგრამ დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო უდავოდ გადააფასებს იმ პრიორიტეტებსა და ფასეულობებს რაც ვირუსის გამოჩენამდე გვქონდა. ისე, როგორც არასდროს აქტუალური გახდა და წინა პლანზე წამოიწია სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებმა. გაერთიანებული ერების  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით: „სასურსათო უსაფრთხოება ეს არის ყველა ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა, აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის, საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე“.

თვითიზოლაციაში ადამიანი შეიძლება ყურსასმენის გარეშე დატოვო, მაგრამ საკვების გარეშე – შეუძლებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით დღეს მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე შიმშილობს. სურსათის მსოფლიო პროგრამა WFP (World Food Programme) ამჟამად გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 87 მილიონ ადამიანს 80-ზე მეტ ქვეყანაში. ჰუმანიტარული დახმარებას ართულებს ომები, კლიმატის ცვლილები, გვალვა და წყალდიდობა. ახლა ამას კორონავირუსის პანდემიაც დაემატა. მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი ყველაზე მეტად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და შესაბამისად მოსახლეობას დააზარალებს. ამიტომ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი აქტუალური გახდა მთელი რიგი ქვეყნებისთვის.

ის რაც ხდება მსოფლიოში ბუნებრივია თავის ასახვას საქართველოშიც ჰპოვებს. ქართული ეკონომიკა ღიაა და თან ძალიან სუსტია იმისათვის, რომ საგარეო შოკების მიმართ მედეგი იყოს. განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ჩვენი სამომხმარებლო კალათა ნახევარზე მეტად იმპორტირებული საქონელით ივსება. არაფერს ვამბობთ სურსათზე, რომლის 80% ქვეყანაში არ იწარმოება და უხცოეთიდან შემოდის.

საქართველოსთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი აქტუალური იყო, არის და ხვალ, პოსტპანდემიურ პერიოდში, კიდევ უფრო მწვავედ დადგება დღის წესრიგში. უნდა უცილობლად აღინიშნოს, რომ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები უშუალო კავშირშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დონესა და ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესთან. რადგან საკმარისი რაოდენობის სასურსათო მარაგები საშუალებას აძლევს სახელმწიფოს შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანობა, ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის დამოუკიდებლობა, საკვებ პროდუქტებზე მისაღები ფასები და ინფლაციის მიზნობრივი დონე. ამიტომ საქართველოსთვის, იმ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე რაც მას დღეს გააჩნია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოს მაღალ დონეზე.

რა მდგომარეობა ამ მხრივ ჩვენთან. როგორც უკვე ავღნიშნეთ სასურსათო უსაფრთხოება ფიზიკურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს საკვებზე (დიაგრამა N1). საქართველოს მთავრობისა და იმპორტიორი სასურსათო კომპანიების მენეჯმენტის განცხადებით ქვეყანას ამ ეტაპზე საკვების საკმარისი რეზერვები გააჩნია. ანუ სურსათზე ფიზიკურად, დეფიციტის საფრთხე არ გვემუქრება. რასაც ვერ ვიტყვით საკვების ეკონომიკურ ხელმისაწვდომობაზე, რომელიც კორელაციურ კავშირშია მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობასთან. პანდემიის გამო ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები მცირდება,  ხოლო ხარჯები იზრდება. ასე მაგალითად, კერძო სექტორში დასაქმებული სამუშაო ძალის, 554 ათასი ადამიანი დიდი ნაწილი გაჩერებულია და უხელფასო შვებულებაში არის გაშვებული. მათ ემატებათ 840.4 ათას თვითდასაქმებული. უკეთეს შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ მათი საერთო რაოდენობის 1/5 ნაწილი შემოსავალს კვლავაც ინარჩუნებს და ამას დავუმატებთ 221 ათას უმუშევარს, ჯამში მივიღებთ, რომ დღეს 1.34 მლნ. ადამიანი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. თუ გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციას, კარანტინის პერიოდი სამი თვე გაგრძელდება. სამი თვის წილი მშპ-ში ერთ სულ მოსახლეზე 1 174 აშშ. დოლარს (2019 წლის მონაცემები), ხოლო ეკონომიკური უმოქმედობით გამოწვეული ზარალი 1.34 მლნ. ადამიანისთვის 1.54 მლრ. აშშ. დოლარი იქნება.

ოჯახის შემოსავალის შემცირების პროპორციულად იზრდება ხარჯებში საკვები პროდუქტების წილი. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით ოჯახის ბიუჯეტში, რომლის საშუალო თვიური შემოსავალი 1429 ლარია, სურსათის წილი 28.03%-ია. ხოლო ოაჯახისთვის, რომლის თვიური შემოსავალი 500 ლარს არ აღემატება – 60%. ამიტომ დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვები პროდუქტების ფასების მიმართ მოწყვლად ჯგუფში შედიან.

მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება ასევე დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან. ახლო მომავალში  უნდა ველოდოთ ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით შემოსული ფინანსური ნაკადების მკვეთრ შემცირებას, რაც თავის ნეგატიურ შედეგს იქონიებს ლარის კურსთან მიმართებაში. ლარის გაუფასურება ავტომატურად გამოიწვევს ყველა იმპორტირებული საქონელის გაძვირებას. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადია სასურსათო პროდუქტის ბაზარი. რადგან ყოველწლიურად 1 მილიარდამდე აშშ. დოლარის იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებს მოვიხმართ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთის მხრივ, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა თვითკმარი არ არის და უცხო ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე ვართ დამოკიდებული, როგორც მოწოდების, ისე ფასის თვალსაზრისით. ხოლო მეორეს მხრივ იმპორტირებული საქონლის გამოყენება მოთხოვნას იწვევს უცხოურ ვალუტაზე, ამცირებს ლარის მსყიდველობითუნარიანობას.

შედეგი სახეზეა. პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა თავისი გავლენა განსაკუთრებით სურსათის ფასებზე იქონია. საქსტატის მონაცემებით 2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროცენტი). კარანტინის პირობებში, როდესაც ეკონომიკა დაპაუზებულია, იზრდება მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები მცირდება, ინფლაციის მაჩვენებლები სურსათზე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. საკვებზე ფასების მატება არამარტო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემაზე მოქმედებს ნეგატიურად, არამედ სხვა სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზეც სექტორულ ინფლაციას იწვევს.

რაშია გამოსავალი? საჭიროა სოფლის მეურნეობის იმპორტირებული  პროდუქციის ჩანაცვლება  ადგილობრივი წარმოების პროდუქციით მოხდეს. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და იაფი მუშახელის გათვალისწინებით ამ მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია. პირველ ეტაპზე, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება შიდა მოთხოვნის  უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელი სურსათით. ხოლო გრძელვადიამ პერიოდში რათქმაუნდა უნდა ვიფიქროთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდაზეც.

სტატიის მეორე ნაწილში დეტალურად განვიხილავთ საქართველოში  იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებს სახეების მიხედვით და ანალიზს გავაკეთებთ რა პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი სოფლის მეურნეობის დარგსა და გადამამუშავებელ მრეწველობას მათ საწარმოებლად. ხოლო მესამე ნაწილი დაეთმობა იმის ანალიზს, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის ქართულმა სახელმწიფომ მოკლევადიან პერიოდში.

 

დიაგრამა N1. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემაზე მოქმედი ეკონომიკური ფაქტორები

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.geostat.ge/ka
  2. https://www.geostat.ge/ka
  3. http://www.fao.org

იხილეთ გაგრძელება – II ნაწილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული