სამშაბათი, მაისი 21, 2024

გახარიას დუმილი და უმოქმედობა არის პილატეს გზა – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით დუმილი დაარღვიოს და მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საზოგადოების უსაფრთხოებისათვის, რადგან მისი განმარტებით ტელევიზორების ეკრანებიდან უსაფრთხოდ თვალის მიდევნება და მნიშვნელოვან მომენტში დუმილი არ არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევანი, ეს უფრო პილატეს მსგავსი ხელის დაბანის და შორიდან ყურების არჩევანია, რაც დანაშაულის ტოლფასია:

„ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, გაზრდილია ეპიდაფეთქების რისკი და ამ ფონზე დაიწყო მორწმუნე ქრისტიანი მრევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვნების კვირეული, ახლოვდება აღდგომის  დღესასწაული, ხელისუფლება კი ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში კვლავ დაიმალა.

მივმართავ პრემიერ გახარიას, გამოდით და ნათლად განუმარტეთ საზოგადოებას რას აპირებთ? როგორია ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე ტაძრებში სააღდგომო ლიტურღიასა და სხვა რიტუალურ ღონისძიებებზე მორწმუნე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებული მითითებები?

ჩვენ მოვისმინეთ თქვენი კომენტარი, რომ თქვენ აპირებთ ტელევიზორის ეკრანიდან ადევნოთ თვალი სააღდგომო წირვა-ლოცვას და ახლაც დუმხართ, ეს კი არის პილატეს გზა, რომელმაც ხელები დაიბანა და გავიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. ასეთი უმოქმედობა აბსულუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ჩემთვის ადვილად ამოსაცნობია თქვენი მხრიდან ამ საკითხზე დუმილის მოტივები და მას პირდაპირი ფარული პოლიტიკური მიზეზები  და მიზნები აქვს.

პირველი,  გინდათ რომ ჩვენს მიერ მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე რიტუალური აქტივობის მიმართ გამოთქმული სიფრთხილე და შენიშვნები ქრისტიანობისა და ეკლესიის წინააღმდეგ  ბრძოლად  გაასაღოთ და მეორე,  შემდგომში მოსალოდნელი ეპიდაფეთქება ქრისტიანული თემის და ეკლესიის დაუდევრობას დააბრალოთ რის საშუალებასაც ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგცემთ.

სწორედ ამიტომ,  კიდევ ერთხელ  მოგიწოდებთ აიღეთ პასუხისმგებლობა და პირადად გაეცით  ყველასთვის თანაბრად, შესასრულებლად  სავალდებულო, მკაფიო და ნათელი მითითებები და მე როგორც ერთი  მართლმადიდებელი ქრისტიანი მოქალაქე მზად ვარ შევასრულო იგი. რადგან ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი  ფორმის დისკრიმინაცია და ორმაგი სტანდარტი არღვევს  სახელმწიფოს ფუნდამენტს, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ახლა პოლიტიკის კეთებისა და პოლიტიკური დივიდენდების მიღების დრო არ არის! მოიქეცით ისე,  როგორც სახელმწიფოს თუნდაც ფორმალურ  მმართველს შეეფერება და ფორმალურად  მაინც აიღეთ პასუხისმგებლობა შექნილ კრიზისულ ვითარებაზე.

ბატონო გახარია გამოდით, საზოგადოება ელოდება თქვენს გადაწყვეტილებებსა და მითითებს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული