ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ჯარიმებთან დაკავშირებით, საზოგადოებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გააცნობს:
“მეგობრებო, იყო ფონდების შეხვედრა და მთავარი თემა ჯარიმები.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჯარიმებთან მარტო არავინ დარჩება.
ერთადერთი თხოვნა და აუცილებელი პირობა, რაც ჩვენი მხრიდან იარსებებს, – გასაჩივრებაა. ჯარიმამ ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს.
დანარჩენი ძალა ერთობაშია და რა რესურსიც გვექნება მოხმარდება ერთიან ბრძოლას ყველაფრის წინააღმდეგ.
და ვდებ ჩვენს საერთო განცხადებას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდების ერთობლივი განცხადება
იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს, ზრდის ჯარიმებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ფონდები ვაგრძელებთ დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერას.
თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში.
ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს გასაჩივრების პროცესში. (უფასო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომრები: +995577070563; 032 2 052644; +995599996953; 032 2 420737)
ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ ვითარებაში ზეწოლა ვრცელდება არა მხოლოდ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესსა და იმ პირებზეც, რომლებიც დაჯარიმებულების ფინანსურ დახმარებას ფონდების საშუალებით ცდილობენ.
გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, დაზარალებულთა დახმარების ფონდები, თავიანთი გაცხადებული მიზნების ფარგლებში, არსებული რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფენ ჯარიმების ანაზღაურებას.
პირველ რიგში ანაზღაურდება ის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და უკვე დადგენილია გადახდის საბოლოო ვადა
„ფროსფერითი ჯორჯია“
„ნანუკას ფონდი“
„ერთმანეთისთვის“
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“
„საქართველოს უნივერსიტეტი“