პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკარა ინტერესის მატარებელია, დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის, საქართველო...

რა ინტერესის მატარებელია, დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის, საქართველო და კავკასიის რეგიონი? – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

20 იანვარს მსოფლიო პრესის მთელი ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამ მიიპყრო. ასეთი ცხოველი ინტერესი აშშ-ში წინა საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში და გამარჯვების შემდგომ პერიოდშიც დონალდ ტრამპის მკვეთრმა და დასამახსოვრებელმა განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც ქვეყნის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას ეხებოდა [1].

გავიდა ინაუგურაციიდან ერთი კვირა და ამ თემის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. ამას ნაწილობრივ დონალდ ტრამპის ქმედებებიც უწყობს ხელს. ამერიკის პრეზიდენტის ყოველდღიური დატვირთული დღის წესრიგი და საჯარო გამოსვლების დროს გახმოვანებული სამომავლო გეგმებიც გვაფიქრებინებს, რომ წინ ცხელი და საინტერესო გაზაფხული გველოდება[2,3].

თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის დაანონსებული პოლიტიკა მრავალმხრივი და საინტერესოა. ყველაფრის ერთ სტატიაში მიმოხილვა გაგვიჭირდება, ამიტომ ინფორმაციით ჩვენი მკითხველები, რომ არ გადავღალოთ მოდით განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები და  გამოწვევები, რომელიც ამომრჩევლისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებებშიც ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან გაჟღერდა და ჩვენს რეგიონსაც უშუალოდ შეეხება.

პირველი ვექტორი ევროპის მიმართულებაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის პირობებს და რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებულ ომს. მეორე ვექტორი – ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკა და ჩინეთთან ურთიერთობის გარკვევაა. შეიძლება ამ საკითხების მსგავსი დიფერენცირება პროფესიონალი დიპლომატებისთვის პრაქტიკაში უცნობი იყოს, მაგრამ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაგანახოთ ჩვენი თვალსაზრისით ოფიციალური ვაშინგტონის დიპლომატია დღეს რა ალტერნატივ(ებ)ის წინაშე დგას.

რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის  დამთავრების შედეგებზე დამოკიდებულია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. არსებობს ამ ომის დასრულების სამი ვარიანტი: 1) უკრაინა იმარჯვებს; 2) რუსეთი იმარჯვებს; 3) მხარეებისთვის  გარკვეული სტატუს-კვოს მინიჭებით კონფლიქტი იყინება [4]. პირველი ორი მოცემულობით პროცესები დროში იჭიმება და ყველა შემთხვევაში აშშ-ის ჩართულობას და მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს. მესამე ვარიანტი დროის თვალსაზრისით უფრო პერსპექტიულად გამოიყურება და მოკლევადიან პერიოდშია მიღწევადი, თუ მხარეები შეთანხმდებიან.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რადიკალურად სხვა სურათით ვითარდება ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი [5]. განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ამერიკის შეერთებული შტატების დაუძინებელი მტერი ირანი, რომლის კვალიც მიმდინარე კონფლიქტში აშკარაა და შეიძლება ითქვას აქტიურიც. მართალია ირანი ღიად ეხმარება რუსეთს იარაღით, მაგრამ მისი გეოსტრატეგიული ინტერესები თავის რეგიონს არ სცდება. ამ უკანასკნელისგან კრემლის დახმარების მიზეზები ძირითადად იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ამით  ცდილობს აშშ-ს დამატებითი თავის ტკივილი გაუჩინოს და რეგიონიდან ყურადღება სხვა პრობლემატიკაზე გადაატანინოს. ახლო აღმოსავლეთის ქეისში შტატებისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა ეძლევა სირიას და მისი გავლით ევროპის კატარული ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხს [6]. თეთრი სახლისთვის ასევე მნიშვნელოვანია თურქეთზე გავლენების შენარჩუნებაც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირებულია. ოფიციალური ანკარა დიდი ხანია უკვე რეგიონალურ ლიდერად იქცა და შეიძლება ითქვას, რომ აშშ-გან დამოუკიდებლად საკუთარ თამაშს თამაშობს [7,8].

ამერიკულ დიპლომატიას ორივე კურსით სრული სვლა გაუჭირდება. აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს, რომელ მიმართულებას უფრო მეტ დროს დაუთმობენ, რადგან პროცესების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ხოლო რესურსი შეზღუდულია. აშშ-გან უკრაინისა და ისრაელის ინტენსიურმა და სრულმა სამხედრო მხარდაჭერამ, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომიც კი გამოიწვიოს. შემთხვევითი არ იყო დონალდ ტრამპის განცხადება, სადაც იგი პირდაპირ აფიქსირებს, რომ მსოფლიო ომის დაწყებას არ აპირებს [9]. შესაბამისად ამ ორ გამოწვევას შორის ალტერნატივა უნდა გააკეთოს. აღნიშნული დილემის მთელი სიმწვავე შესანიშნავად ესმოდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასაც, მაგრამ მათ უკრაინა-ევროპის სასარგებლოდ გააკეთეს თავის დროზე არჩევანი. თუ ამ თემის უტრირებას მოვახდენთ,  შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ, რომ სწორედ აქედან მომდინარეობს ტრამპისგან ბაიდენის კრიტიკის მთავარი ღერძი. ტრამპისთვის პრიორიტეტული „ისრაელი-ჩინეთის“ ვექტორი უფრო იქნება. ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები და ნაბიჯები. მაგის გარდა კარგად გვახსოვს, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინეთს [10] და არა რუსეთს უთმობდა, ხოლო ამ უკანასკნელის დასაბალანსებლად თურქეთს იყენებდა.

დონალდ ტრამპი  ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებს უფრო მწვავედ აღიქვას. ოფიციალურმა პეკინმა ეს საფრთხეები, რომ დაინახა შეეცადა აშშ-ს ყურადღება სხვა თემებზე გადაეტანა და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეიძლება ითქვას ეს გამოუვიდა კიდეც. ამის გამო ოფიციალური მოსკოვის აგრესიას უკრაინაში ირიბად მხარი დაუჭირა და პუტინი ომის დასაწყებად „გააქეზა“. მაგრამ ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის  დაბრუნებისთანავე ჩინეთი ისევე აშშ-ს მთავარი „სამიზნე“ გახდა და თეთრი სახლი აღარ აპირებს ჩინეთს რუსეთის პრიზმაში ესაუბროს.

შეჯამების სახით ვიტყვით, რომ დონალდ ტრამპის მომდევნო ნაბიჯები შეგვიძლია გარკვეულ ლოგიკას დავუქვემდებაროდ. იგი მის ხელთ არსებული ყველა რესურსით აუცილებლად შეეცდება რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვას. ეს შესაძლებლობას მისცემს მას დრო მოიგოს და ძირითადი ყურადღება მეორე მიმართულებაზე გადაიტანოს. ამავდროულად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ტონუსში ამყოფებს ევროპის სახელმწიფოებს და იძულებული გახდებიან თავდაცვისთვის უფრო მეტი ხარჯები გამოყონ საკუთარი ბიუჯეტიდან (რაზეც დონალდ ტრამპი დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებს)[11]. ისრაელის აქტიური მხარდაჭერა საშუალებას მისცემს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის რეგიონში პოზიციები უკეთესად გაიმყაროს. სათანადო ყურადღება დაეთმობა ირანის, სირიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, კატარის ენერგომატარებლების ევროპაში ექსპორტირების საკითხებს. ასევე მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება ჩინეთის მიმართულებით.

ამ მოცემულობაში რით არის განპირობებული აშშ-გან კავკასიის და კერძოდ საქართველოს მიმართ ინტერესი. საქართველო მოიაზრება როგორც ჩინეთის, ისე თურქეთის კონტექსტში. „სამხრეთის მიმართულების“ სატრანსპორტო საზღვაო დერეფანს, რომლითაც ჩინეთი სარგებლოს საკუთარი პროდუქციის დანარჩენ მსოფლიოში გასატანად ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტი დიდ წილად აკონტროლებს. ეგრეთწოდებული „შუა დერეფანი“, რომელიც სახმელეთო გზით გადის საქართველოს ტერიტორიასა და შავ ზღვაზე ალტერნატივაა, რომელსაც ჩინეთი აშშ-თან კონფლიქტის შემთხვევაში „სამხრეთის მიმართულების“ ნაცვლად განიხილავს. ანაკლიის პორტის მშენებლობა და კონტროლი სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა [12]. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს შავ ზღვაზე პორტებს გააკონტროლებს ამ სატრანსპორტო დერეფანს და ოფიციალურ პეკინზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტი ექნება. რაც შეეხება თურქეთის როლს, რომლის გავლენაც კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე (ბოლოს დაემატა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის ინტერესები) იზრდება [8], გარკვეულ წილად ოფიციალური ვაშინგტონისთვის მისაღებია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ გარკვეულ წილად.

„3+3“ (მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმა) ფორმატი, რომელშიც საქართველოს თხოვენ მონაწილეობა მიიღოს და რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თურქეთია, ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს [13]. ამიტომ თეთრ სახლს ესაჭიროება სტრატეგიული პარტნიორი ოფიციალური თბილისის სახით, რომელსაც იგი პოლიტიკური პლაცდარმის სახით გამოიყენებს რეგიონში, ხოლო საქართველო თავის მხრივ დაინტერესებული უნდა იყოს, ძლიერი თავდაცვისა და ეკონომიკური ბერკეტების შექმნის მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. https://euronewsgeorgia.com/2025/01/21/trampis-mtavari-gegmebi/
  2. https://www.ghn.ge/news/324387-ustsrafesad-minda-putintan-shekhvedra-rata-es-omi-davasrulot-trampi
  3. https://www.interpressnews.ge/ka/article/828236-tengiz-pxalaze-trampis-prezidentoba-mraval-gamocvevastan-da-cvlilebastan-ikneba-dakavshirebuli-mat-shoris-chvens-regionshi/
  4. https://www.interpressnews.ge/ka/article/825215-volodimir-zelenski-donald-tramps-surs-scrapad-imokmedos-magram-icis-rom-ukrainas-omis-gaqinva-ar-surs/
  5. https://realpolitika.ge/ge/longread/vin-arian-israel-hamasis-konfliqtis-mtavari-aqtorebi-mimokhilva
  6. https://bm.ge/news/gankhortsieldeba-tu-ara-katari-turqeti-evropis-gazsadenis-proeqti
  7. https://forbes.ge/blogs/thurqethis-chatchidebuli-sashuamavlo-politika/
  8. https://gfsis.org.ge/ge/publications/view/2747
  9. https://ipress.ge/news/msophlio/donald-trampi-arasdros-vyofilvart-mesame-msoflio-omtan-ise-akhlos-rogorts-dghes-jo-baidenis-mmartvelobisas
  10. https://businessformula.ge/News/534
  11. https://tabula.ge/ge/news/729130-ft-trampis-motkhovnis-sapasukhod-litva-estoneti
  12. https://paraleli.ge/22406/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0/

https://www.radiotavisupleba.ge/a/33160822.html

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...