ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში...

“საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნება” პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს – ამის თაობაზე ისაუბრა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე:

საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ, ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან“.

2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:

– პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

– ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;

– კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;

– კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;

– 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...