პარასკევი, აპრილი 26, 2024

ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა – გიორგი გახარია

სახელმწიფო კანცელარიაში შედგა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები. სხდომაზე მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილები, რომლების სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა გიორგი გახარიამ:

მიღებულია, გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ,” აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ასევე აღინიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ იწყება მეორე, შიდა გავრცელების ეტაპი.

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ახალ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა განიხილეს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით.

დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება – შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალზედ თამამი და ძალზედ ეფექტური.

მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითადი მიმართულებებზე, რომელზეც სრულად ხდება კონცენტრირება ამ ვირუსთან ბრძოლაში. მისი თქმით, ეს არის ის სისტემური მიმართულებები, რა მიმართულებითაც წარმატება გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ვირუსს.

პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა, რომელზეც პასუხისმგებელი არის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე;

მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ბატონი ვახტანგ გომელაური;

მესამე მიმართულება, ეს გახლავთ მარაგების მართვა, სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკის მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული