სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება, რეალობა და პერსპექტივები

279

სირიის სამოქალაქო ომი თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. იდლიბის პროვინციაში დაძაბულობა იზრდება. ოფიციალურად სირიის სამთავრობო ძალები სეპარატისტებს ებრძვიან. სინამდვილეში კი, ამ რეგიონში მრავალი ქვეყნის ინტერესები მოდის ერთმანეთთან კონფლიქტში. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთ მათგანს სირიასთან ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნიათ, მაგრამ ნაწილს ახლო აღმოსავლეთის ენერგო რესურსებზე გავლენის მოსაპოვებლად თუ სხვა სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად კონფლიქტში მონაწილეობის მიღება უწევთ. ეს ინტერესები პერიოდულად ხან წინა პლანზე იწევს ხან კულისებს მიღმა რჩება.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ორი ქვეყნის, რუსეთისა და თურქეთის ინტერესები გამოიკვეთა. ბოლო კვირებში საბრძოლო თეატრზე განვითარებულ მოვლენებს თავისი წინა პირობა გააჩნდათ. რაღაც ასპექტში რუსეთისა და თურქეთის მდგომარეობა იდენტურია. ორივე ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ერთპიროვნული მმართველობის შედეგებით. პუტინის რეიტინგი მოსახლეობაში თავის ისტორიულ მინიმუმს ჩამოცდა. არც ერდოღანის პოზიციებია ისეთი მყარი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორც პუტინისთვის, ისე ერდოღანისთვის საგარეო საფრთხე ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც საკუთარი მოქალაქეების სოციალური საკითხებიდან ყურადღების გადატანაში ეხმარება მათ. სანამ საომარი ოპერაციები მიდის სირიაში ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ამ სახელმწიფოებს თავისი ნაციონალური ინტერესები გააჩნიათ, ორივე ლიდერს მეტნაკლებად მოსახლეობის მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ. ამავდროულად ოპოზიციის მოთხოვნებიც ნაკლებად მწვავეა და სამთავრობო არხებსაც ხელფეხს უხსნის პროპაგანდისთვის.

საშინაო ფაქტორების გარდა სირიაში კონფლიქტს თავისი საგარეო დატვირთაც გააჩნია. თურქეთს ტერიტორიული ინტერესები გააჩნია იდლიბის პროვინციაში. კონფლიქტმა სერიოზული ზიანი მიაყენა თურქეთის ეკონომიკას. სირიელი დევნილების დიდი ნაკადი (დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი) თურქეთის საზღვრებთან არის დაბანაკებული. მათი შენახვა თურქეთის მთავრობას ძვირი უჯდება. მოლაპარაკების პირობების თანახმად ამ ხარჯების დიდ ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებს უნდა დაეფარათ, ოღონდ იმ პირობით, რომ დევნილები ევროპის საზღვრებს არ გადაკვეთავდნენ. პირობის შეუსრულებლობის გამო რამოდენიმე ასეული სირიელი დევნილი უკვე „გაუგზავნა“ ერდოღანმა ევროპის კონტინეტს. ამითი ოფიციალურმა ანკარამ აგრძნობინა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ სირიელი დევნილების საკითხი მარტო თურქეთის ხელისუფლების პრობლემა არ არის. იდლიბის ტერიტორიის დაკავება თურქეთისთვის ეგრეთწოდებულ ბუფერულ ზონას შექმნიდა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დევნილების განთავსება. მეორე გამოწვევა, რომლის წინაშეც თურქეთი იმყოფება ეთნიკური ქურთი მოსახლეობა, რომელიც მრავლად არიან, როგორც თავად თურქეთის, ისე სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე. ქურთების სურვილი შექმნან დამოუკიდებული სახელმწიფო საფრთხეს უქმნის თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ნაციონალური ინტერესებისა ოფიციალურ ანკარას გააჩნია იმის ამბიცია, რომ რეგიონში პოლიტიკურ ამინდს თურქეთი უნდა ქმნიდეს და არა ირანი ან სხვა მუსულმანი ქვეყნები.

რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის სირიის ტერიტორიაზე გავლენის მოპოვება ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, რომ სირიის ომმა ოფიციალურ მოსკოვს, როგორც გლობალური მოთამაშეს, შესაძლებლობა მისცა დიდ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. საქართველოსთან და უკრაინასთან კონფლიქტების გაღვივებით პუტინი უფრო რეგიონალურ, ვიდრე გლობალურ მოთამაშედ რჩებოდა. მეორე, სირიის კონფლიქტი შეუძლებელს ხდის ყატარის გაზის შესვლას ევროპის კონტინენტზე და შესაბამისად წინააღმდეგობას ვერ გაუწევს გაზპრომს, რომელსაც მოსკოვი როგორც პოლიტიკური იარაღს ისე იყენებს. რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ნედლეულისა და ენერგომატარებლების ექსპორტზეა დამოკიდებული. აშშ-ის სანქციები მიმართული რუსეთის წინაარმდეგ სწორედ ამ სტრატეგიაზეა აგებული, რაც შეიძლება მეტად დასწიოს საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე. ბაშარ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებით პუტინი პირიქით ცდილობს ენერგომატარებლებით მდიდარ რეგიონზე კონტროლი მოიპოვოს, რათა ბუნებრივ აირსა და ნავთობზე მაღალი ფასები შეინარჩუნოს. კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ აწყობს რუსეთს რეგიონში სიტუაციის დეესკალაცია არის ის, რომ ირანს საკუთარი ინტერესები გააჩნია სირიაში. ოფიციალური თეირანის პოლიტიკა, რაც შეიძლება მეტი საფრთხე შეუქმნას აშშ-ს, ემთხვევა ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკას ყურადღება გადაიტანინოს ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკაზე. მაშინ, როცა რუსეთი ამ დროს თავისუფლად გააგრძელებს ევროპის ქვეყნების (მათშორის უკრაინისა და ბელორუსის) შანტაჟს ენერგო რესურსებით.

გასაგებია, რომ რეგიონი პუტინისთვის უფრო საჯილდაო ქვას წარმოადგენს აშშ-თან თამაშის დროს. მაგრამ რაც უფრო შორდება რუსეთის პოლიტიკა აშშ-ს ინტერესებს და ითვალისწინებს ირანის პოზიციას, მით უფრო შორდება მოლაპარაკების მაგიდას თურქეთთან სასაუბროდ. როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ ინტერესთა კონფლიქტის გამო საომარი მოქმედებები მიმდინარეობს რუსეთისა და თურქეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს შორის. ორივე მხრიდან არიან დაღუპული ჯარისკაცები. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თუ ოფიციალური ანკარა აღიარებს ადამიანურ დანაკარგებს, მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს საკუთარი სამხედროების ჩართულობას თურქეთთან კონფლიქტში. პუტინის განცხადებით თურქეთის სამხედროებს სირიელი ტერორისტები ებრძვიან და რუსეთი აქ არაფერ შუაშია.

მსოფლიო საზოგადოება სულგანაბული ელოდება მოვლენების განვითარებას. სამხედრო ექსპერტების შეფასებით სირიის ტერიტორიაზე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება, თუ ფართომასშტაბის კონფლიქტში გადაიზრდება, იგი აუცილებლად თურქეთის გამარჯვებით დამთავრდება. რადგან ამ უკანასკნელის სამხედრო ძალები თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი მაშინ, როცა რუსები ტექნოლოგიებით სარგებლობენ, რომელიც მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებულია.

კონფლიქტის გაღვივება არცერთ მხარეს არ აძლევს ხელს. თურქეთის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია რუსი ტურისტების ნაკადი და რუსეთის ბაზარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტად გასატანად. თავის მხრივ რუსეთის გემებისთვის ჩაიკეტება ბოსფორისა და დარდანელის სტრუტეები. გარდა ამისა თურქეთი რუსული გაზის მსხვილი მომხმარებელია. ასევე ელექტორალური თვალსაზრისითაც, არც ერდოღანისთვის და არც პუტინისთვის არ იქნება მომგებიანი ღია კონფრონტაციაში შესვლა. ეკონომიკური სანქციები ძირითადად რიგით ამომრჩევლს აწვება კისერზე, რაც ბუნებრივია საერთო უკმაყოფილებას იწვევს. ამ შანს ანკარასა და მოსკოვში ოპოზიციურად განწყობილი ძალები ხელიდან არ გაუშვებენ და თავის სასიკეთოდ გამოიყენებენ. მით უმეტეს, რომ პუტინის შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე. ეგრეთწოდებული „ნოვოროსიის“ ტერიტორიზე ჩამოგდებული ბოინგის ინციდენტზე, ჰააგაში სასამართლო განხილვები იწყება და არ არის გამორიცხული, რომ იგი ამ საქმეში დამნაშავედ სცნონ.

მოსკოვში ერდოღანისა და პუტინის ბოლოდროინდელმა შეხვედრამ იგივე დაამტკიცა. სირიის ტერიტორიაზე კონფლიქტი შესაძლებელია კიდევ დიდი ხნით ღვიოდეს, მაგრამ მესამე მსოფლიო ომს მხარეები ნამდვილად არ დაიწყებენ (ყოველ შემთხვევაში ამის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს). პუტინის განცხადებით, მართალია მოსკოვსა და ანკარას შორის ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელია. მით უმეტეს, როცა დაზავება ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება. ერდოღანმა თავის გამოსვლაში თურქეთის მტკიცე პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, თურქეთს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ამ საკითხში სისუსტე გამოავლინოს. არსებობს წითელი ხაზები და ეს ხაზები თურქეთ-სირიის საზღვარზე გადის. რადგან რაც ხდება კონფლიქტის ზონაში, ის ექოსავით თავის ასახვას, არა რუსეთში, არამედ თურქეთში პოულობს.

ლიდერების განცხადებით მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ იდლიბის რეგიონში რუსეთ-თურქეთის სამხედრო შენაერთები ერთად გაანკონტროლებენ სიტუაციას, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ტოლფასია. ამ შეხვედრის დროს რუსეთმა მნიშვნელოვნად დათმო თავისი პოზიციები. მაგრამ არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ამ შეთანხმებას რუსეთის მხრიდან იგივე ბედი ეწევა, რაც ასტანისა და სოჩის შეთანხმებებს მანამდე. ანუ რუსეთი მარტივად, პირველივე მისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში ცალმხრივად დაარღვევს მოლაპარაკების პირობებს. პუტინი პირველად არ არის შემჩნეული მსგავს ქმედებებში. მაგრამ ამჯერად აღარ გაუვა მრავალნაცადი ფანდი. ქართულად არის ნათქვამი: „მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო“. ერდოღანი მართალია უკვე საკმაოდ დარწმუნდა იმაში, რომ ოფიციალური მოსკოვის დაპირებებას ჩალის ფასი აქვს და შეიძლება ითქვას ამჯერადაც კიდევ ერთი შანსი მისცა პუტინს. მაგრამ თურქეთის პასუხი მორიგ ჯერზე უდავოდ ხისტი და პრინციპული იქნება.

ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები