,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში ,,პოლიტიკოსები პოლიტიკის გარეშე’’ საუბრობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ:
-
პოლიტიკის გარდა ცხოვრებაში რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვები, მეუღლე პირველ რიგში, ყოველთვის ნაკლებობა მაქვს მათთან ურთიერთობის და ვცდილობ ხოლმე რაღაც პერიოდულობით მაინც ავინაზღაურო ბავშვებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით ასევე გამოვყოფდი ჩემი მეუღლის მხარდაჭერას, რომელიც ნათლად მაქვს საქმეში. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, სულ ერთად ვართ, უცხოეთშიც რომ მივდივარ ვცდილობ რომ ყოველთვის ერთად წავიდეთ, ჩართულია ბევრ საკითხში და ძალიან მაძლიერებს მისი მხარდაჭერა, მისი რეკომენდაციები ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასთან მიმართებაში. ისევე, როგორც მე ვცდილობ, რომ მასაც რეკომენდაციები, რჩევები მივცე მის საქმიანობაში.
-
ბავშვებთან ურთიერთობის დროს რა მომენტებს გამოყოფდით? რა გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე?
– ხანდახან კითხვებს მისვამენ ხოლმე. მაგალითად იმ დღეს სახლში მივედი 4 საათზე, სახლში შევიარე, უცებ ანკა მოდის და ისე გაუკვირდა: ,,მამა რატომ ხარ სახლშიო?’’ რატო-მეთქი და ,,სკოლიდან, რომ მოვდივარ არასდროს სახლში არ ხარო და რატომ ხარ სახლშიო?’’ – ძალიან გაუკვირდა. ისე ზოგადად განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ბავშვებთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს, სითბო, სიყვარული ძალიან დიდია და მეტ ენერგიას გაძლევს, უამრავ კითხვას გისვამენ. განსაკუთრებით ახლა მიშკა გაიზარდა 13 წლის არის, თინეიჯერია ასე ვთქვათ და ბევრი კითხვა აქვს, მაგალითს იღებს, დაჩიც და რავიცი…
-
თქვენი განვლილი ცხოვრებიდან რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ, რამაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– ნუ მაინც ვფიქრობ, რომ თუ ასე მომენტს ავიღებთ, იუსტიციის სახლების პროექტი. ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მიდგომები, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მიზანი დაისახო. ამ პროექტმა გარდაქმნა ჩემი მიდგომები ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა, მასშტაბური ხედვის შესაძლებლობა მომცა, მულტიფუნქციური ანუ მრავალკომპონენტიანი პროექტის განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მაინც ვიტყვი, რომ იუსტიციის სახლის პროექტმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მიდგომებიც საქმესთან მიმართებაში.
-
რომ არა პოლიტიკოსობა რა იქნებოდა თქვენი ცხოვრების მოწოდება და რა საქმიანობას მიანიჭებდით უპირატესობას?
– დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებას გავაკეთებდი. ალბათ განათლების სექტორში სიამოვნებით დავიხარჯებოდი, რომ კარგი ცოდნის ცენტრი გამეკეთებინა, სადაც თანამედროვე განათლებას მივცემდი ახალგაზრდებს და ზოგადად ვფიქრობ, რომ რაღაც დროს პოლიტიკის შემდგომ აუცილებლად წავალ განათლების სფეროს მიმართულებით, რომ კარგი საგანმანათლებლო ცენტრი შევქმნა, ისეთი როგორიც მე წარმომიდგენია.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


