აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიცირების პარალელურად, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრება, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, შეხვდება თუ არა ირაკლი კობახიძე აშშ-ის ადმინისტრაციის რომელიმე თანამდებობის პირს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:
“ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ს მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. და როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში.
ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და, ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს