,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში მწვავე შეფასებას აკეთებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, სადაც საუბარია ტერაქტის მოწყობის მცდელობაზე პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:
,,ქართული ოცნების” ნაცვლად ,,ანალიზს” აკეთებს რუსული უშიშროება, მისი სხვადასხვა შტოს მეშვეობით. რაც შეეხება იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასეთი რაღაც მომხდარა – ტრამპს და ფიცოს რეალურად ესროლეს, ,,ქართული ოცნების” შემთხვევაში, ეს არის უბრალოდ ავტორიტარული ბოდვა.
ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად არაფერი არ მომხდარა და ისინი მართავენ ქვეყანას, მართავენ არა, ისინი ფლობენ და განკარგავენ ჩვენ ქვეყანას. მართვა რაღაც დადებითსაც გულისხმობს.
,,ქართული ოცნების” 12 წლიან ჯოჯოხეთურ პერიოდს ნამდვილად დადებითი არაფერი არ ახლავს. ისინი კი არ მართავენ, ფლობენ და აკონტროლებენ ამ შიშის გაღვივებით, კონსპირაციული თეორიების მეინსტრინში გადმოყვანით რაღაც პარანოიდალური თეორიების ყოველდღიური პედალირებით, მაგრამ რეალურად ფაქტები არ არსებობს.
მე მინდა, რომ შევახსენო ჩვენს მკითხველს, ესეთი ბოდვები მათ, პერიოდულად, წინა პლანზე გამოაქვთ, მაგალითად, 2015 წელს მათ ჰყავდათ ერთი ასეთი შს მინისტრი ჭიკაიძე, რომელმაც არ იცოდა თალიბანი ორგანიზაცი იყო, მოძრაობა თუ პიროვნება. პიროვნება ეგონა თალიბანი. მაშინ მან თქვა, რომ საქართველოში იგეგმება გადატრიალება და ამისათვის ოპოზიცია, მაშინ ოპოზიცია ძირითადად ერთი პარტია იყო – ,,ნაციონალური მოძრაობა”, აგროვებს საბურავებს, რომ გადაკეტოს ქუჩები და თბილისში მაიდანი მოაწყოს. ეს იყო 9 წლის წინ, 2015 წელს. მათ თქვეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ცხადია, ამას არაფერი არ მოჰყოლია.
ყოველი არჩევნების წინ, თუ ყოველთვის, როცა გაუჭირდებათ, 100%-ით მოგონილ ავტორიტარულ, შიზოიდურ ბოდვას შემოაგდებენ ხოლმე საჯარო სივრცეში. მერე ამ შიშით აკონტროლებენ ადამიანებს, რომლებზეც ეს ჯერ კიდევ მოქმედებს.
ამასთან მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ რეალურად საქართველოში მომხდარა ისეთი ფაქტები, ტერაქტებიც, მათ შორის, რომელიც რეალურად გამოძიება რომ ყოფილიყო, მაღალი ალბათობით, მიგვიყვანდა უშუალოდ ხელისუფლებამდე.
მაგალითად, 2016 წლის 4 ოქტომბერს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მაშინდელი პარლამენტის წევრი, გივი თარგამაძე. ის იმყოფებოდა მანქანაში, მისი მძღოლი იმყოფებოდა მანქანაში, მანქანის ქვეშ ბომბი იყო დადებული, ის აფეთქდა და შემთხვევით, ღმერთმა გადაარჩინა. ამ ყველაფრის შემდეგ გამოვიდა მაშინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელზეც ახლა მოდაშია ვთქვათ, რომ აი, ქოცებს შორის ყველაზე უფრო ,,ნორმალური” იყო, მან თქვა პრაქტიკულად იგივე, რასაც დღეს ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელზეც ასევე კონსესუსია, რომ ის არის ქოცებს შორის ყველაზე უარესი. მან თქვა, რომ კვალს მივყავართ კიევში, ოპოზიციური ფლანგი თვითონ აპირებს, რომ საქართველოში მოაწყოს ტერაქტი, სისხლის ღვრა. ეს მერე დააბრალოს ხელისუფლებას.
ვიმეორებ, იყო რაღაც კონსპირაციის თეორიები, ამის გამო დაიჭირეს ერთი ადამიანი, რომელსაც თითქოს აღმოუჩინეს კიევის ავიაბილეთები. ეს ადამიანი დაიჭირეს იარაღის უკანონო შენახვა/შეძენაზე. ეს ადამიანიც არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში, ჩუმად 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, რომელიც მას, სავარაუდოდ, არც გადაუხდია, გამოუშვეს ციხიდან.
მაშინ ვიღაცამ ტერაქტი მოაწყო, ეს ვიღაცა ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლება. გამოიყენეს ეს ტერაქტი პოლიტიკური მიზნებით და მერე დაავიწყეს საზოგადოებას, თვითონაც დაივიწყეს.
რეალურად რომ მომხდარიყო მაშინ, მართლა ვიღაცას რომ გაეკეთებინა მათ წინააღმდეგ, ამას ხომ გამოიძიებდა?! მაგრამ არც ერთი ასეთი შემთხვევა, არ გამოძიებულა.
ამჟამინდელთან დაკავშირებით განსხვავება კიდევ ის არის, რომ აქ საერთოდ არ მომხდარა არაფერი, თუმცა ეს იმოქმედებს საზოგადოების იმ სეგმენტზე, რომელსაც სჯერა კი არა, რომელსაც უნდა დაიჯეროს მხოლოდ იმიტომ, რომ გააგრძელოს პრივილეგიებში, იმ კორუფციაში, უკანონობაში ცხოვრება, რომლიდანაც ღებულობს ხეირს. მე არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე იმდენად უგუნურია, რომ ასეთი ბოდვა დაიჯეროს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე