ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” მწვავე შეფასებას ახდენს ,,ქართული ოცნების” ე.წ. ომის რიტორიკასთან დაკავშირებით:
,,რაც შეეხება იმ კონტექსტს, ,,თუ ტრამპია მშვიდობაა”. საერთოდ სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ომით და შიშით აშანტაჟებს, შიშით მანიპულირებს და ადამიანებს შიშით აშანტაჟებს.
მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ ტრამვირებული ქვეყანა ვართ. ჩვენ სულ ახლახანს გამოვიარეთ 2008 წელი. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელზეც რუსეთმა ღიად აგრესიული სამხედრო ძალების შეჭრით, ომი, ეს ოპერაცია ჩაატარა. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების დაშინება, შანტაჟი ომით – არის ყველაზე უმდაბლესი, რაც შეიძლება ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს იმისთვის, რომ მოიგოს ან არჩევნებზე რაღაც დამატებითი ხმები მიიღოს.
განსაკუთრებით მავნებლური, არაღირსეული და ამორალურია ეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც არის ხელისუფლებაში, რომელსაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობის, კეთილდღეობის და სიმშვიდის დაცვა ქვეყანაში მათი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ამიტომ ვუხდით მათ ხელფასს.
რომ გვაშინებენ ომით და გვაშანტაჟებენ შიშით, ეს პირდაპირ აჩვენებს მათ სახეს და იმას, როგორ მყარად დგანან, როგორი ოპტიმისტები არიან და რა ძლიერი მხარდაჭერა აქვთ დღეს საქართველოს მოქალაქეებში. სინამდვილეში, ეს მხარდაჭერა ყოველდღიურად ქრება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე