პოლიტიკური პლატფორმა ,,ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის’’ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამართულ ბრიფინგზე საუბრობს ქვეყნის საგარეო ვითარებისა და არჩევნების მნიშვნელობის შესახებ:
,,ალბათ ყველას გვაქვს დიდი კითხვა – რა ხდება საგარეო ასპარეზზე? რატომ ხდება ამდენი ერთდროული ქმედება ჩვენი პარტნიორების მხრიდან?
სამწუხაროდ ,,ქართული ოცნების’’ დანაშაულებრივმა ქმედებამ ბოლომდე ჩამოშალა ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. დაფინანსებას აჩერებს საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, სამწუხაროდ, ალბათ ამას მიჰყვება სხვა ქვეყნებიც. ნატოს კომუნიკეში აღარ არის საუბარი საქართველოზე, როგორც ნატოს მომავალ წევრ ქვეყანაზე და უმძიმესი ვითარება არის საგარეო ასპარეზზე.
უფრო მეტიც, გუშინ კონგრესში ,,მეგობარი აქტის’’ მიღებით ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა რა რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ. ხელში მიჭირავს ეს მეგობარი აქტი და ამას აქვს ორი მნიშვნელოვანი განზომილება – თუ ჩვენ 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას და ვაგრძელებთ დასავლური ინტეგრაციის გზას, ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს – უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა, ამერიკული ინვესტიციები, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იგივე ეროკავშირთან და სხვა მიმართულებით, მაგრამ თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი რჩება ქვეყანაში, მაშინ საქართველო ექცევა იზოლაციაში, გვემუქრება ეკონომიკური კოლაფსი, მეტი მიგრაცია, გაჭირვება, უმუშევრობა, მეტი უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები. ამიტომ ძალიან მკაფიოა აქ ვითარება.
ალბათ მთავარი კითხვა რაც საზოგადოებას აქვს არის – სად არის გამოსავალი? გამოსავალი ერთიანობაშია! იმისათვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ! იმისათვის, რომ ჩვენ ამ ძველბედობის ჟამს გავიდეთ სამშვიდობოს ყველანი უნდა დავდგეთ ერთად! იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს ერთიანობა გვჭირდება!
ეს პოზიტიური გზავნილები, ამდენი დელეგაცია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ჩამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი აქციების დროს, ახალგაზრდების თუ უფროსი თაობის მასიური პროტესტის დროს, მთელმა მსოფლიომ დაინახა ქართველი ხალხის ერთიანი ნება, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ვროკავშირის და დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, თანაბარი თანაბართა შორის.
და მთავარი საკითხი – დიახ, ჩვენი ამოცანაა 26 ოქტომბერს, ,,ქართულული ოცნება’’, რომელმაც თავი მოგვჭრა საქვეყნოდ, ამ სირცხვილისგან განვთავისუფლდეთ. ,,ქართული ოცნება’’ ეს არის საქართველოს სირცხვილი, რომელი სირცხვილისგან ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! საქართველოს გადაარჩენს ერთიანობა! მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა და ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ყველა ერთად დავდგეთ და წინ დიდი გამარჯვებისკენ!’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი