სამშაბათი, ივლისი 23, 2024

რა გამოწვევების წინაშე დგას ჩინეთის ეკონომიკა – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ეკონომიკურ სასწაულად შეფასებული ჩინეთის ეკონომიკა პრობლემებს განიცდის.  „Moody’s Investors Service“-ის ანალიტიკოსების მოსაზრებით, შეფერხება ძირითადად გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის არის:

  • ინფრასტრუქტურაში გადაჭარბებული ინვესტიციები;

  • ვალის მაღალი დონე;

  • ეკონომიკური რეფორმების შენელება.

ყოველივე ამან უკვე განაპირობა ჩინეთის ეკონომიკის მთელ რიგ დარგებში პროდუქტიულობის ვარდნა, ინვესტიციების შემცირება და კაპიტალის დაბალი ეფექტურობა. ინვესტიციების კლების კიდევ ერთ ფაქტორად ჩინეთის მიმართ აშშ-ს მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები, ხოლო ოფიციალური პეკინის მხრიდან საპასუხოდ, ზოგიერთი საქონლის ექსპორტზე შეზღუდვაც სახელდება.

მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ მივიდა ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე პრობლემებამდე.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში პეკინის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა თითქმის იდენტური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის საგარეო ორიენტირები ძირითადად მის ეკონომიკურ ინტერესებზე იყო მორგებული და მთავარი ამოცანის, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის ზრდას, ემსახურებოდა (წინა სტატია). ბუნებრივია ჩადებული ინვესტიციები საწყისს ეტაპზე დიდ უკუგებას იძლეოდა. იმისთვის, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დიდი მასა არ დაგროვილიყო და არ გაუფასურებულიყო  ჩინელებმა კაპიტალის დაბანდება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მის საზღვრებს გარეთ, ახალ მეგა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიწყეს.

ქვეყნის შიგნით გრანდიოზული ჰიდროელექტრო კაშხლების, დიდი ავტობანებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობა, ჩინეთის ხელისუფლებისგან დიდი თანხების დაბანდებას მოითხოვდა. აღარაფერს ვამბობთ ისეთ გლობალურ პროექტებზე, როგორიც აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოების ეკონომიკებში ინვესტირება იყო.  ასევე, „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა“, რომლის განხორციელებაც ასევე კოლოსალურ ფინანსური ნაკადების ხარჯვასთან იყო დაკავშირებული და სახელმწიფო სუბსიდირებით იფარებოდა.

საწყის ეტაპზე, ჩინური იუანის ხარჯვა გამართლებული იყო და დიდი პროექტების დასრულება ჩინურ ეკონომიკას პირიქით განვითარების კიდევ უფრო მეტ ტემპებს აძლევდა. მაგრამ ბოლო 2-3 წელი, რაც ცისქვეშეთის ეკონომიკამ, შეიძლება ითქვას, „პიკს“ მიაღწია, ახალი ფინანსური სახსრების მოზიდვა უკვე გაუმართლებელია და მხოლოდ მზარდი ეკონომიკური ტემპების შენელების ხელისშეშლას უფრო ემსახურება, ვიდრე ბაზრის მოთხოვნებს. ოფიციალურმა პეკინმა კარგად იცის  შემდეგ ეკონომიკურ ციკლში („შეკუმშვა“) გადასვლა ქვეყანას უმუშევრობასა და სტაგნაციას (თუ კრიზისს არა) მოუტანს, ამიტომ კვლავაც აგრძელებენ ისეთ პროექტების სუბსიდირებას, რომელიც მართალია ეკონომიკურ სარგებელზე არ არის გათვლილი, მაგრამ ხელოვნურად სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და კომპანიების გაკოტრებას ხელს უშლის.

ჩინეთში შექმნილ სიტუაციას ყველაზე კარგად დეველოპერული, სამშენებლო ბიზნესის მდგომარეობა ასახავს. ამ ეტაპზე 1,425 მილიარდიანი ჩინელისთვის (გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2023 წლის მონაცემები) 3 მილიარდამდე ადამიანისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფონდია შექმნილი. სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება კადრები, ჩინური სამშენებლო კომპანიები, თავის ხელით როგორ ანგრევენ მთელ კვარტლებს, დაუმთავრებელი კორპუსების სახით. ოთხი დიდი ჩინური სამშენებლო კომპანიიდან სამი უკვე გაკოტრებულია. საცხოვრებელ ფართებზე ფასები კატასტროფულად ეცემა, ხოლო ინვესტიციები დღითიდღე სულ უფრო და უფრო მკვეთრად მცირდება.

ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიებიც. მიუხედავათ იმისა, რომ დიდი ავტო სადგომები ახალი ელექტრო ავტომობილებით გადავსებულია და არ იყიდება (იგივე სიტუაციაა ველოსიპედების წარმოებაშიც), ოფიციალური პეკინი კვლავ განაგრძობს ამ კომპანიების სუბსიდირებას, ხოლო აღნიშნული საწარმოები პროდუქციის გამოშვებას.

შედეგად ჩინეთის მთავრობა ბეჭდავს დიდი ოდენობით ფულს, ჩინეთის ვალი (იგულისხმება სახელმწიფო, ჩინური კომპანიებისა და მოსახლეობის ერთობლივი დავალიანება) იზრდება, პროდუქციის გაყიდვები და შესაბამისად ფასები მცირდება, ერთმანეთის მიყოლებით კომპანიები კოტრდებიან, მცირდება ინვესტიციები და სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ შიდა ბაზარზე მსყვიდელუნარიანობის დაქვეითებას და ჯაჭვურად მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს.

შექმნილ სიტუაციაში ოფიციალურ პეკინს ორი გზა აქვს, ან ჩინეთის სახელმწიფოს წინაშე არსებული საგარეო გამოწვევების გამო (პოლიტიკურ-ეკონომიკური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთის ქვეყნებთან), ხელოვნურად გააგრძელოს ეკონომიკური ტემპების შენარჩუნება და დროთა განმავლობაში ეკონომიკური რეცესიის ნაცვლად ეკონომიკური კრიზისი მიიღოს, ან ეკონომიკური პროცესები საბაზრო ძალებს მიანდოს, „მოდუნდეს“ და თუნდაც დროებით დაივიწყოს თავისი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციები, რომელიც ტაივანს და მსოფლიო მასშტაბით გავლენების სფეროების ზრდას ეხება. არის მესამე ვარიანტიც, ეკონომიკის მთლიანად სამხედრო რელსებზე გადაყვანა, მაგრამ ამისთვის ჩინეთმა ომი უნდა დაიწყოს სხვა სახელმწიფოსთან ან უკვე მოქმედ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოდ გვეჩვენება. ვფიქრობთ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩინეთი ომის დასაწყებად მზად არ არის.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული