,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ წევრი, ელისაბედ სიხარულიძე, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში, საუბრობს ახალგაზრდული მოძრაობის აქტივობებთან დაკავშირებით და ახალგაზრდების უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მნიშვნელობაზე:
-
როგორი ფორმატი მიგაჩნიათ პოლიტიკურ პროცესებში წარმატების მისაღწევად ახალგაზრდულ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ძალიან გახარებული ვარ, რომ უკვე ამდენი ახალგაზრდა არის პოლიტიკით დაინტერესებული, რაც ძალიან ნათლად დავინახეთ შარშან მარტის პროტესტების პერიოდშიც და ასევე წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქვეყნის სწორი კურსისთვის, რომელიც გულისხმობს ევროპულ კურსს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ გარდამტეხი როლი შეასრულონ 26 ოქტომბერს არჩევნებზე.
რაც შეეხება ახალგაზრდების უშუალოდ ჩართულობას პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ პროცესებში, ვთვლი, რომ ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი გვყავს. ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რომელი ოპოზიციური პარტია არის მათთვის მისაღები და ყველაზე ახლოს დგას მათ ფასეულობათა სისტემასთან.
შესაბამისად, ვთვლი რომ ახლოს უნდა მივიდნენ მათთან, კარგად გაეცნონ ლიდერებს, სტრუქტურებს და ა.შ., აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო პროცესში. მართალია, არც ისე დიდი დროა დარჩენილი არჩევნებამდე თუმცა, მაინც არის დრო, როცა მათ შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში, შემდგომ კი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ამიტომ ვისურვებდი, რომ მაქსიმალურად კოორდინაციაში ყოფილიყვნენ პარტიებთან და ერთად მოგვეხდინა გარდამტეხი ცვლილებები, ერთად ჩაგვეტარებინა სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა რეალურად დაგვეყენებინა ევროპულ გზაზე.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი