საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით:
,,ის, რაც წუხელ მოხდა ,,ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი!
კატეგორიულად მოვითხოვოთ ხელისუფლებისაგან უმოკლეს დროში შეისწავლოს მომხდარი ფაქტი და დამნაშავეები წარდგენილ იქნას სასამართლოს წინაშე…
ისტორიას მსგავსი ფაქტები ახსოვს ოცდაათიანი წლების გერმანული ფაშიზმის და საბჭოთა ბოლშევიკების ხანაში.
ჩვენ მსგავსი მოვლენები გავიარეთ, ასევე, გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედი კომუნისტური პარტია ქმნიდა შეიარაღებულ ბანდებს ეროვნული მოძრაობასთან დასაპირისპირებლად.
1992 წელს რუსულ ანექსიასთან ერთად ეს კრიმინალური ბანდები აღმოჩნდნენ “ხელისუფლებაში” და სახელმწიფოს მიტაცებამ შექმნა ის, რასაც მსუბუქად, 90-იანი წლების ტრაგედიას უწოდებენ.
თუ დროულად არ შეჩერდება ეს ძალა, მივიღებთ კრიმინალურ ქაოსს და პროცესი შეიძლება გახდეს მართლაც და ტრაგიკული და შეუქცევადი.
ასევე, ვფიქრობ არსებულ მოვლენაზე ხმა უნდა აღიმაღლოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მომხდარი მოვლენის მიმართ!!!”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე