სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალიუ ქსელში, ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
“ღია განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრს!
ბ-ნო ირაკლი, პირველ არხთან ინტერვიუში თქვენ ბრალი დასდეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ორი მიმართულებით:
1. თსუ პროფესორების უმრავლესობა პოლიტიზირებული და პოლიტიკურად მიკერძოებულია;
2. მათ არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ეს საქართველოში გატარებული საგანმანთლებლო რეფორმების ბრალია.
ორივე ბრალდება ღრმად უსაფუძლოა. კერძოდ:
1. ალბათ იცით, რომ არსებობს ასეთი ცნება – „აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობა“, რომელიც გულისხმობს, რომ აკადემიური პერსონალი არ უნდა დაკავდეს მხოლოდ სწავლებით და შიდასაუნივერსიტეტო საქმიანობით, არამედ უნდა იყოს სოციალურად აქტიური და გამოეხმაუროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობის და ა.შ. მიმართულებით. თავის „ნაჭუჭში“ გამოკეტილი პროფესორის როლური მოდელი კარგა ხანია უარყო გლობალურმა მოდერნიზაციამ. ამდენად, როდესაც თსუ-ის პროფესორები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, ეს მხოლოდ მისასალმებელია – ისინი საერთაშორისო სტანდარტს პასუხობენ;
2. თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაცია სწორედ მაშინ ამაღლდა და გასწორდა წელში, როდესაც ქვეყანა შეუერთდა საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს და ხელი მოეწერა ბოლონიის დეკლარაციას 2005 წელს. ამან არნახულად გააძლიერა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, გააღრმავა კავშირები დასავლეთის (ევროპისა და ამერიკის) უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, რაც კონკურენტული სამეცნიერო პროდუქტის შექმნაში გამოიხატა. ამის საილუსტრაციოდ ერთი ინდიკატორიც კმარა: რეცენზირებად და მაღალი გავლენის მქონე საერთაშორისო გამოცემებში პუბლიკაციების რაოდენობა სოციალურ მეცნიერებებში შეუდარებლად გაიზარდა დასავლურ საგანმანათლებლო სირცესთან შეერთების შემდეგ. ბევრი სხვა ინდიკატორის დასახელებაც შეიძლება.
თუ რაიმე საყვედური ეთქმის უმაღლესი განათლების პოლიტიკას საქართველოში და, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტს, ეს უკავშირდება სწორედ დასავლური საგანმანათლებლო სტანდარტების რეალიზაციის არათანმიმდევრულობასა და ოპორტუნიზმს.
ამდენად, თქვენი ბრალდებები უფრო ავტორიტარული სულისკვეთებით არის ნაკარნახევი და არაფერი აქვს საერთო უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებთან“, – აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.