ბოლო პერიოდში, აქტივისტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით გახშირებული ძალადობის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე:
“რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა საქართველოს ინტერესების ღალატზე. ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით.
ერთ თვეზე მეტია ვუყურებთ უმოწყალი დარბევებს. დღესაც უნივერსიტეტთან კობახიძეს რომ არ შეჰქმნოდა დისკომფორტი და გაჰქცეოდა ახალგაზრდების სამართლიან კითხვებს, “ქართული ოცნების” ზონდერ ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. ან ასეთი თანამდებობა რად უღირს “ქართულ ოცნებას” ან ასეთი ლექცია, როცა ყველა მათ გადაადგილებაზე ადამიანები უნდა სცემონ ქუჩაში?!
საქართველო იქნება ცივილიზებულ მსოფლიოსთან, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან ერთად თუ რუსეთთან, ირანთან და ჩრ. კორეასთან ერთად ეს პრინციპული და ფუნადამენტური საკითხია და ამაზე საკუთარი პოზიცია ვალდებული ვართ დავაფიქსიროთ ყველამ ყველგან, მათ შორის, ქუჩის პროტესტით.
კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა და პატივისცემა იმ ხალხს, ვინც არ ეგუება რეჟიმს და ყოველდღე, ქარში თუ წვიმაში დგას ქუჩაში.
რუსული რეჟიმი დასრულდება! საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!” – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს