,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით (“MEGOBARI Act”), აშშ-ში დაწყებულ მსჯელობას ეხმაურება:
,,პირველად 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს გვაქვს შანსი, გავაღწიოთ ამ რუსული გავლენის, პოსტსაბჭოთა გავლენის ჭაობიდან, მივაღწიოთ მაქსიმალურ დაცულობას ჩვენი მტრის აგრესიისგან, მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და გავხდეთ იმ სამყაროს ნაწილი, რომლის ბუნებრივი შემოქმედიც ვიყავით ისტორიის განმავლობაში – დასავლური ცივილიზაციის, ევროპის, ევროატლანტიკური სივრცის.
ერთერთის მხრივ გვაქვს გზა, სადაც საქართველო დასავლური ქოლგის ქვეშ იქნება დაცული, მიაღწევს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალ სამყაროში თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხარეს იმ რეჟიმის გზა – ჩვენს მტერთან შეკვრა, საქართველოს იზოლაცია, უფსკრულში გადაჩეხვა და თაობების გაწირვა, როგორც უკვე აქამდე რამდენჯერმე მოგვივიდა.
დღევანდელი რეჟიმის შეცვლის გარეშე ჩვენ ამ შანსს კვლავ ხელიდან გავუშვებთ, ამიტომ, მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების, რომ დღეს სრული კონცენტრაცია მოხდეს ამ ეროვნულ ამოცანაზე, მაშინ როდესაც ეს გზა გვაქვს ხსნილი.
მთელი ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს, როდესაც ეს გზა ხსნილი გვაქვს, სრული კონცენტრაცია ამ ეროვნულ ამოცანაზე მოხდეს.
ამ მოცემულობაში, საქართველოს საზოგადოებას ერთადერთი არჩევანი აქვს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების სრული მობილიზება და კონსესუსი პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. აქ არ იგულისხმება, მხოლოდ რუსული კანონი, არამედ იგულისხმება რუსული რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებაც.
ამ ყველაფერს კი სჭირდება მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკური პროტესტის გაგრძელება, სწორედ მათი, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დამსახურებაა დასავლეთიდან წამოსული გზავნილებიც. შესაბამისად, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ცვლილების მხარდაჭერაში უნდა გადაიზარდოს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე