ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“კონკურენციის გაძლიერება კომისიის უპირატესი ამოცანაა” – ComCom-ის წევრი კონკურენციის სააგენტოს მრგვალ მაგიდაზე

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა რომელიც ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარ საკითხებს კი რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სამართლის ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მიღებული შედეგები თუ გამოწვევები წარმოადგენდა.

დისკუსიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ საქართველოში სატელეკომუნიკაციო და მედია სექტორის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება: “კონკურენციის სამართლის ჩარჩოს ეფექტიანი აღსრულება, ასევე, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სეგმენტზე წინასწარი რეგულირების მექანიზმების დანერგვა უმნიშვნელოვანესია, როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი აღსრულების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ევროკავშირის მიერ საქართველოს პერიოდულ შეფასებებს, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პოზიციებს.“ – განაცხადა ComCom-ის წევრმა.

თავის სიტყვაში, ეკატერინე იმედაძემ ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებობს და ისაუბრა თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელთაც კომუნიკაციების კომისია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ეტაპობრივად ახორციელებს: “სატელეკომუნიკაციო და მედია მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა – ინივაციური და მრავალფეროვნი შეთავაზებების არსებობა, ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამასთანავე, ბოლო კვლევებით – ციფრული უთანასწორობის გადალახვა ითვალისწინებს რამდენიმე საფეხურს, კერძოდ ფიზიკური ხელმისაწვდომობის – იგივე ტელეკომ ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას, ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას , ციფრული უნარების განვითარებასა და უსაფრთხო და დაცულ სერვისებს. ამ თვალსაზრისით, ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია ტელეკომის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესების აქტიური ჩართვა. ამდენად, უნდა შეფასდეს რა ბარიერები არსებობს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მიღება.

შესაბამისად, ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა კომუნიკაციების კომისიისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება” – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.

მრგვალ მაგიდაში ეკატერინე იმედაძესთან ერთად მონაწილეობდნენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგეტნოს თავმჯდომარე, ირაკლი ლეკვიანიძე, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ლიეტუვის კონკურენციის საბჭოსა და ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების თანამშრომლებმა, მარეგულირებლების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტმებმა და პარლამენტის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან, სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან თუ დაინტერესებულ მხარეებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული