შაბათი, აპრილი 27, 2024

ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად, მისი დივერსიფიკაცია და შუა დერეფნის შესაძლებლობების გამოყენებაა საჭირო – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საქართველოს ეროვნული ბანკის თაოსნობით, თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია – “გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე” ჩატარდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გლობალურ შოკებზე, რომელიც ინფლაციური იყო. როგორც ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღნიშნა კოვიდ-პანდემიამ, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და გლობალურად მკვეთრად გამკაცრებულმა ფინანსურმა პირობებმა განვითარებადი ქვეყნების (მათ შორის არის საქართველოც) ცენტრალური ბანკები გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სებ-მა წარმატებით უპასუხა ინფლაციურ გამოწვევებს. შეინარჩუნა ფასების სტაბილურობა და შედეგად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად მართულია. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფლაციამ კლება დაიწყო და ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე გაცილებით დაბალია“, – განაცხადა ნათია თურნავამ [1].

შეხვედრის მსვლელობისას და შემდგომ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ქართულ ეკონომიკაზე რუსი მიგრანტების შემოსვლის, გაზრდილი სავალუტო შემოდინებებისა და რეზერვების დადებით ეფექტებზე.

სებ-ის კონსულტანტის დევიდ ვავრას მოსაზრებით საქართველომ მოახერხა ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიეღო სავაჭრო მარშრუტების და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან. მაგრამ არსებობს რისკი, რომელიც რუსეთზე ქართული ეკონომიკის დამოკიდებულებას ეხება. „რეგიონმა მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი სავაჭრო ნაკადების რელოკაციით და ფინანსური ნაკადებით, რომლებიც უკავშირდება ომს უკრაინაში. ბევრმა მიგრანტმა და მათთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ნაკადებმა წაახალისა შემოსავლის ზრდა და შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოსა და რეგიონში. ეს შესაძლოა გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს და სარგებელი მოიტანოს, თუმცა კითხვა და მთავარი გამოწვევაა, ექნება თუ არა გრძელვადიანი სარგებელი ამ მოკლევადიან ტურბულენტობას 2025 წელს და შემდგომ პერიოდში“, – განაცხადა ბატონმა დევიდმა [2].

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2022 წელს უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 2 მლრ. აშშ დოლარით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა (2.1 მლრ. აშშ დოლარი) განაპირობა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. 2023 წელს უკვე ფულადი გზავნილები წლიურად 5.7%-ით შემცირდა და 4.1 მლრ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც დიდწილად რუსეთიდან ფინანსური სახსრების 26.2%-ით შემცირებით იყო განპირობებული [3].

2022 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 11.1%, ინფლაციამ – 8.6% შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს დეფლაციური პროცესები (-0,3%) შეინიშნებოდა, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% პროცენტი შეადგინა [4]. ამ წლების მიხედვით შეინიშნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეფინანსირების განაკვეთის (11%) პირველად დაფიქსირდა 2022 წლის მარტში, ორი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 8,25%-ზე [3].

იგივე მოსაზრება აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს ალკის დრაკინოს. მას მიაჩნია, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებების კლების დასაბალანსებლად საქართველომ ეკონომიკურ ზრდისთვის ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და შუა დერეფნის შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს [5].

მსოფლიო ბანკის ანგარიშში – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ (2024 წლის იანვრის გამოშვება), ვკითხულობთ: „ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად, აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე“ [6].

დასკვნა ერთია, მართალია ქართულ ეკონომიკაში რუსი მიგრანტების შემოსვლამ გარკვეული დადებითი ძვრები გამოიწვია, მაგრამ ამას მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა და მომავალ პერსპექტივაზე გათვლა არ უნდა გვქონდეს. პირიქით დავინახეთ, რომ აქ ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეები შრომის ბაზარზე კონკურენციაში შევიდნენ ადგილობრივებთან. მომსახურების და სერვისის იმ სფეროებში, რომლის შემოსავალი ტურისტული დანახარჯებია, თავად შექმნეს კომპანიები და თანამემამულეებს თავად ემსახურებიან. ეს ეხება როგორც ტურისტულ სერვისსა და უძრავი გაქირავების სექტორს, ისე ავტომობილების ექსპორტსა და მათ მომიჯნავე სხვა ბიზნესებს.

მიმდინარე გამოწვევების ფონზე სასურველია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა უფრო მოქნილი და დივერსიფიცირებული იყოს. ჩვენი ეკონომიკის მიბმა რუსეთზე არამარტო პოლიტიკური საფრთხის შემცველია, არამედ ეკონომიკურად დამოკიდებულს გვხდის აგრესორ სახელმწიფოზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში არასტაბილური და არასაიმედოა. მაგალითისთვის გავიხსენოთ რუსეთის საწვავზე შეზღუდვები, რომელითაც კრემლი პერიოდულად სიურპრიზებს გვიმზადებს [7]. იმ სიტუაციაში როცა ქართული საწვავის ბაზრის 60,9%-იანი (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით) წილი რუსულ ნავთობპროდუქტებს უკავიათ [8], ადვილი წარმოსადგენია ოფიციალური მოსკოვის მსგავსი გადაწყვეტილებები რა გამოწვევებს უქმნის ქართულ ეკონომიკას. სწორედ ეს არის (დივერსიფიცირებული ეკონომიკა) ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების რეკომენდაციებიც, როცა საუბარი საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალს ეხება.

წყარო:

  1. https://bm.ge/news/seb-ma-inflatsiur-gamotsvevebs-tsarmatebit-upasukha-natia-turnava
  2. https://bm.ge/news/savaraudoa-rom-samomavlod-rusetze-ekonomikuri-damokidebuleba-riski-iqneba-seb-is-konsultanti
  3. https://nbg.gov.ge/
  4. https://www.geostat.ge/ka
  5. https://bm.ge/news/rogor-unda-sheinarchunos-saqartvelom-maghali-ekonomikuri-zrda-ebrd-is-mosazreba
  6. https://1tv.ge/news/msoflio-banki-saqartveloshi-inflacia-2023-wels-mkvetrad-shemcirda-mosalodnelia-rom-inflaciis-machvenebeli-wlis-bolostvis-samprocentian-samizne-machvenebelze-dabali-iqneba/
  7. https://www.dw.com/ru/v-rossii-planiruut-na-polgoda-zapretit-eksport-benzina/a-68381608?fbclid=IwAR2JtIFp9ut8sSdZt_pKa0geRCM4BZ2QzbanGxBfY2eE1z90UsuWOL0Snqs
  8. https://commersant.ge/news/economic/2023-tsels-benzinisa-da-dizelis-satsvavis-importi-gaizarda

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული