პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე სამთავრობო პროგრამით წარსდგა. მას უმწვავესი შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვებით მიმართა ოპოზიციონერმა ლიდერმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ:
“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სოფელი დაცლილია, რეგიონებში ახალგაზრდობა აღარ არის და ყოველი მეორე ახალგაზრდა, როცა ის ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს – ავტომატურად უმუშევარია, ელემენტარული ანაზღაურებითაც კი ვერ შოულობს სამუშაო ადგილს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, საიდანაც თქვენი მმართველობის პერიოდში 800 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, უცხო ქვეყანაში წავიდა სარჩოს საშოვნელად.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თქვენ და თქვენი გუნდი ყოველთვიურად მეტ და მეტ ჯარიმას აწერს საკუთარ მოქალაქეებს და კიდევ უფრო ზრდის ამ ჯარიმებს – 1000, 2000, 3000 ლარით. გასულ წელს რეკორდი მოხსენით და ჯარიმების სახით ნახევარი მილიარდი ლარი ამოიღეთ ჯარიმების სახით, რომლებითაც თქვენ არ ჯარიმდებით, მაგალითად, “ბასლაინებზე” დადიან თქვენი თანაგუნდელები…
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის და ამას სხვათა შორის, თქვენი წარმდგენი/დამნიშვნელი ივანიშვილიც არ უარყოფს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი – უკიდურესად გაჭირვებული.
მე შეკითხვა მაქვს: აი ამ პირობებში თქვენ როდესაც პრემიერ-მინისტრობას დათანხმდით,შემოგთავაზეს და დათანხმდით ხომ, – რას აპირებთ? რა მოისმინეს თქვენსგან ახალი? რას სთავაზობთ? რატომ გინდათ პრემიერ-მინისტრობა? რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? რამე სასიკეთო გინდათ ხალხისთვის გააკეთოთ?
თუ არ ვცდები, მე-7 პრემიერ-მინისტრი ხართ, ვისაც “ქართული ოცნება” წარადგენს. აგერ თქვენი პროგრამა, სათაურიც არ შეცვლილა. არაფერი შეცვლილა, თქვენ თვითონაც თქვით, რომ არაფერს არ ცვლით. ანუ, ყველაფერი კარგად არის?! ყველაფერი გაკმაყოფილებთ?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.