,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში მოითხოვს, რომ მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა შეავსონ საახალწლო დეკლარაცია, სადაც გაწერილი იქნება, თუ რა ხარჯები გასწიეს საახალწლო დღესასწაულების პერიოდში:
,,დღეს დელიკატურ თემაზე შეგაწუხეთ. ათეული წელია საშობაო პერიოდში ვუყურებთ ერთი და იგივე სიტუაციას – ხალხი გმინავს, პოლიტიკური ელიტა ,,ფეშენ” კურორტებზეა განლაგებული და საერთოდ არ აინტერესებს იმ ხალხის პრობლემები და ტკივილები, რომელმაც ისინი იქ, მაღლა აირჩია, ვითომ მსახურებად, სინამდვილეში – ხალხი გახადეს საკუთარი ინტერესების მსახურად.
აი, ახლაც, მთელი ხელისუფლება – პარლამენტი, მთავრობა, მათ შორის – ოპოზიცია, წამოკოტრიალებულია უძვირეს მსოფლიო კურორტებზე, ზოგი ტროპიკული განხრით, ზოგიერთი – ზამთრის ალპური მიმართულებით.
80% ჩვენი ელიტისა ამ მდგომარეობაშია ამ წუთისთვის მაშინ, როდესაც ბავშვებისათვის ერთჯერადი კვება დაინანეს სკოლაში და არ გამოყვეს [თანხა], საახალწლო-საშობაო საჩუქარიც კი არ გაუკეთეს სკოლის მოსწავლეებს. თავის ბავშვებიან-სიდედრებიან-ოჯახებიანად ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე არიან დიდ განცხრომაში.
თუ ეს ასე არ არის, დაწეროს ყველა პარლამენტის და მთავრობის წევრმა საშობაო დეკლარაცია და აღნიშნოს სად ისვენებდა, რა სახარებით, ვისი დახმარებით, რა კორუფციული არხებითა და ხერხებით.
ეს წელი, მეგობრებო, ქრისტეშობისა, რომელიც ახლა დგება, ამაღამ, უნდა იყოს ოლიგარქიის ისტორიულ სანაგვეზე გასტუმრების ჟამი! ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამყარების, ეროვნული სიმდიდრის ხალხზე გადანაწილებისა და დემოკრატიული, სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბების პერიოდი! ამის ერთადერთი გარანტი ქვეყანაში გახლავთ ,,ლეიბორისტული” პარტია და თქვენი მონა-მორჩილი. დავირაზმოთ, გავემზადოთ დიდი გამარჯვებებისკენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე