სამშაბათი, აპრილი 30, 2024

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის და საარჩევნო გარემოს დაზიანების მორიგი მცდელობა მედიის მხრიდან – ცესკოს განცხადება

ცესკო მედიაში გასულ რეპორტაჟს კონკრეტული შეფასება-განმარტებებით და მწვავე განცხადებით ეხმაურება:

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა – ამჯერად არასწორი ინფორმაცია არარსებული საუბნო საარჩევნო კომისიების არარსებული წევრების შესახებ ვრცელდება.

ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში, ავტორი არაერთხელ აღნიშნავს, რომ მისი რესპონდენტების ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ან წევრები არიან, ხელისუფლებამ მის სასარგებლოდ მუშაობის სანაცვლოდ სხვადასხვა პოზიციაზე დაასაქმა. მათ ნაწილს კი დაუმსახურებლად სოციალური დახმარებაც დაუნიშნა.

პირველ რიგში, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული არ არის. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიები მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ კომპლექტდება. საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე. (საარჩევნო კოდექსი. მუხლი 25. პ.14).

შესაბამისად, ჟურნალისტის მხრიდან კონკრეტული პირების კომისიის წევრებად მოხსენიება სრული აბსურდია, არ შეესაბამება სინამდვილეს და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი კარგად არის ცნობილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, აღნიშნული სიუჟეტი ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ასევე გამოიყენა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის. ამავე არხის ეთერში მან გაიმეორა რეპორტაჟის ნარატივი და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ კომისიის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა. აქვე მან გაავრცელა მეორე სიცრუე, თითქოს კომისიების შემადგენლობაში „ქართულ ოცნებას“ 8 წევრი ჰყავს. ცხადია, არარსებული კომისიის არარსებულ წევრებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, კონკრეტული პოლიტიკოსები კი ამ გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას.

პარლამენტის არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიზნით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მხარის ჩართულობას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ამიტომ, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს – პოლიტიკოსებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს – ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული