„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ეს, რა თქმა უნდა, არის ნამდვილად ისტორიული დღე, ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი.
ეს პერიოდი იყო საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ.
მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი.
მოგეხსენებათ, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში, ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს.
მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს − ამერიკის შეერთებულ შტატებს.
კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, მე ასე ვიტყოდი, ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

