სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“მომავლის მსოფლიო არ და ვერ იქნება ისეთი როგორიც არის დღეს. სად არის საქართველოს ადგილი ახალ მოცემულობაში?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

მსოფლიო რუკაზე ბევრი აქტორია, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე. შეგვიძლია ისინი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით დავაჯგუფოთ. განვითარების დონის, რელიგიური, ატომური იარაღის ფლობის ან სხვა ნიშნებითაც გამოვყოთ. ასევე ვიცით, რომ საერთაშორისო დიპლომატიაში დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ისეთი ფორმატებიც არსებობს, როგორიც არის G7 და G20. მაგრამ დღევანდელ ჩვენს სტატიაში თქვენი ყურადღება გვინდა მრავალთაგან მხოლოდ ორ სახელმწიფოზე და მათ ურთიერთობაზე გავაჩეროთ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. თითქოს გასაკვირიც არ უნდა იყოს ორი დიდი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის მქონე ზესახელმწიფოს ანალიზისთვის წინ წამოწევა, მაგრამ თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მრავალპოლუსიანი სამყარო, დღეს ფაქტობრივად ორ ბანაკად გაიყო და ამას პროვოცირება რუსეთ-უკრაინის ომმა გაუკეთა. ერთ მხარეს არიან დემოკრატიული ქვეყნები, აშშ-ს ლიდერობით, ხოლო მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ისეთი სახელმწიფოები, სადაც ავტოკრატიული მმართველობა ცხოვრების სტანდარტია. მეორე ჯგუფის მკვეთრად გამოხატული ლიდერი ჩინეთია.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე უკრაინის და ცალკე ისრაელის ტერიტორიებზე მიმდინარე ომი, არა უბრალოდ ტერიტორიულ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტებია, არამედ უფრო ფართო მასშტაბით დემოკრატიასა და ავტოკრატიას, ძველსა და ახალ სამყაროს, ვუდრო უილსონისეული მსოფლიო წესრიგსა და „realpolitik”-ას შორის ძალთა ჭიდილიცაა. დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა და ღირებულებათა გადაფასება-შეჯიბრი, ანუ დარვინისეულ ტერმინოლოგიას, თუ გამოვიყენებთ – „ბუნებრივი გადარჩევა“. მაგრამ მხოლოდ დრო გვიჩვენებს რომელი მათგანი იქნება უფრო ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი. მხოლოდ ერთია ნათელი, რომ ხვალინდელი მსოფლიო არ და ვერ იქნება ისეთი როგორიც არის დღეს.

სად არის ამ პროცესებში საქართველო და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის რომელი პოზიცია არის სასარგებლო, ანუ სად გადის ჩვენი ნაციონალური ინტერესები? ეს არის კითხვები, რომელსაც სწორი პასუხი მოსახლეობის 89%-მა უკვე გასცა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება გვაძლევს იმის ისტორიულ შანს, რომ არა მარტო სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, არამედ ნაციონალური ეკონომიკაც განვავითაროთ. ვუდრო უილსონისეული მსოფლიო წესრიგი არის იმის გარანტია, რომ ჩვენი მსგავსი მცირე ერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ატომური იარაღი და დიდი არმია, გადარჩებიან, თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებენ და დასავლურ კულტურასთან ინტეგრირდებიან. დღეს საქართველოს ამის ისტორიული შანსი ეძლევა, ხოლო მისი ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება არა მარტო თანამედროვეების, არამედ ისტორიის წინაშეც.

მომავალ თვეში სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კოოპერაციის (APEC) ფარგლებში, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრამ მსოფლიო დღის წესრიგში არსებულ ბევრ გამოწვევას უნდა გასცეს პასუხი. პრობლემები მართლაც ბევრი დაგროვდა. რუსეთ – უკრაინის ომი, საბრძოლო ოპერაციები ისრაელისა და ღაზას სექტორში, იქნება ის მთავარი თემები, რომლის გარშემოც სავარაუდოთ დიდი დისკუსია გაიმართება. ამ პრობლემების გადაწყვეტა მსოფლიოს მრავალ თავის ტკივილს აარიდებდა, მაგრამ რამდენად არიან მხარეები ამ საკითხების გადაწყვეტის საკუთარი ხედვები ერთმანეთთან დაახლოვონ ამას დრო გვიჩვენებს.

საღი აზრი გვკარნახობს, რომ ძლიერი სახელმწიფოები დღესვე გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდნენ და თამაშის კონკრეტულ წესებზე შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უფრო დრო გავა პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ბევრი ნეგატიური მოვლენის თავიდან არიდება, თუ დასაწყისში შესაძლებელი იქნებოდა, დროთა განმავლობაში სანამ სრულად არ დასრულდება მიმდინარე პროცესები, მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება. იგულისხმება საბრძოლო ოპერაციები, მისი გავრცელების არეალის გაფართოება და ომის მსვლელობის შეჩერება. მეტიც, ზუსტად ერთი წლის წინ G 20-ის ბალის სამიტზე ჯო ბაიდენისა და სი ძიპინის შეხვედრისას (რასაც სტატიაც მივუძღვენით), მსგავსი შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. თუ არ ჩავთვლით, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ პეკინი რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებდა.

ლიდერების მორიგ შეხვედრამდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი, ამიტომ ორივე მხარე ეცდება ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს იმისთვის, რომ ოპონენტზე უფრო ძლიერი პოზიციებით წარდგნენ მოლაპარაკებაზე (მოსალოდნელია სანქციების მორიგი პაკეტის შემოღება, სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და სხვა). მაღალი რანგის შეხვედრაზე აშშ-ების მხრიდან სავარაუდოდ მთავარ საკითხად რუსეთისა და ირანის მიმართ სანქციები დადგება. თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის ინტერესებში შედის, რომ კოლექტიური დასავლეთის სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას ჩინეთმა აქტიურად დაუჭიროს მხარი. თავის მხრივ ოფიციალური პეკინი დღის წესრიგში ტაივანის საკითხს დააყენებს. ასევე ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოება, რომლის დახმარებითაც, მას საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გააქვს. მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც ამ ორი ზესახელმწიფოსთვის მსოფლიო ბაზარზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნებაა. ეს ის საკითხია, რომლის გამოც ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. აშშ-ები სამხედრო-ეკონომიკურ ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს, მაგრამ ზურგს უკან უკვე გრძნობს ფეხდაფეხ მავალ ჩინეთის გამყინავ სუნთქვას. ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზეც არც ერთი მხარე არ იქნება მზად საკუთარი პოზიციების (აშშ – ლიდერობის და ჩინეთი – ლიდერობის ამბიციის) დასათმობად.

მაგრამ აშშ-ს მაინც აქვს შანსები ჩინეთთან მოლაპარაკებაში თუ გრძელვადიანს ვერა მოკლევადიან წარმატებას მაინც მიაღწიოს და ეს ამ ეტაპზე სავსებით საკმარისი იქნება. კერძოდ, ჩინური პროდუქციის დასავლეთის ბაზრებისადმი დამოკიდებულება ოფიციალურ პეკინს მოწყვლადს ხდის დასავლური დიპლომატიის და სანქციების მიმართ. ამ უკანასკნელს დასაკარგი ნამდვილად აქვს. კოვიდის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა მართალია აღდგენას განაგრძობს, მაგრამ პოსტ კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება და არა სახარბიელო მდგომარეობაშია. დასავლური სანქციების დაწესება შიდა კრიზისის კიდევ უფრო გააღრმავებს. „ერთი სარტყელის“ სამხრეთის მარშრუტით გადაიზიდება ჩინური პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც ცნობილია აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტი გადის საერთაშორისო წყლებში, რომელიც აშშ-ს ფლოტის მიერ მუდმივად კონტროლირდება (ამავე მარშრუტზე მდებარეობს ტაივანიც, რომელიც ჩინეთისთვის ცალკე თავის ტკივილია). ამიტომ აშშ-თან ღია კონფროტაცია პეკინისთვის ასევე ეკონომიკურად არა მომგებიანია.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე თუ თეთრი სახლი მინიმუმ დაარწმუნებს ოფიციალურ პეკინს კვლავ შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია უკრაინასა და ისრაელთან მიმართებაში, ეს დამატებით დროს მისცემს ვაშინგტონს მოაგვაროს პრობლემა დადებითად (ამ ქვეყნების სასარგებლოდ). რაც თავის მხრივ სხვა მოცემულობას შექმნის მსოფლიო პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მსგავსი რეალობა მომგებიანი იქნება საქართველოსთვისაც. რუსეთის კავკასიის რეგიონში დასუსტებით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციით და ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით, ჩვენი ქვეყანა სრულყოფილად გახდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული