პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე:
,,მცირე აკვატორია აქვს, სადაც შეიძლება რამდენიმე კატარღის ტიპის სამხედრო-სანაპირო დაცვისთვის გამოყენებადი კატარღა განთავსდეს – ეს ერთი.
მეორე – რუსეთის აგრესია და ოკუპაცია აფხაზეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით უკვე მომხდარი და მიმდინარე ფაქტია, მიმდინარე პროცესია. ამიტომ, თუ რაიმე დამატებითი ქმედება იქნება განხორციელებული, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიმდინარე აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის გაგრძელება.
დანარჩენი, ახლა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ვითარებაში საქართველომ იქ რაიმე სამხედრო ხასიათის ჩარევა უნდა გააკეთოს, ძალიან გთხოვთ, ამაზე თავი შეიკავეთ, ასეთი პროვოკაციული განცხადებებისგან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ,,ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად, მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინის რაკეტებისგან და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი