ისრაელში საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისა და საქართველოში უმოკლეს ვადაში, მშვიდობიანად დასაბრუნებლად ხელისუფლებას, შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ, მოუწოდებს “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, გიორგი ვაშაძე:
“ისრაელში საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს სასწრაფოდ ესაჭიროება სამშობლოში დაბრუნება. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს რაც არის პირდაპირ დანაშაული საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის გაწირვა ხელისუფლების მხრიდან.
მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება. ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

