„ყველაფრის ჯარიმას ზრდით, აი , ბატონო გივი, რა მაინტერესებს იცით, თქვენთვის 5000 ლარი კაპიკებია? ეს 5000 ლარი რომ მოგაქვთ ამ ადმინისტრაციულ კოდექსში – 1500 ლარი, 3000 ლარი, 5000 ლარი, უმძიმეს გაჭირვებაშია ხალხი“, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს, სადაც მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, უმძიმეს გაჭირვებაში მყოფი ხალხისთვის ჯარიმების გაზრდა კიდე უფრო მძიმე იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლებას ეს ციფრები არაფერს წარმოადგენს:
“ჯარიმები, რომელიც სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ხელწერა გახდა. ტოტალური ზრდა ყველანაირი ჯარიმის: მანქანის პარკირების ჯარიმას ზრდით, ღერძულა ხაზის გადაკვეთას ზრდით, აქციას ზრდით, ყველაფრის ჯარიმას ზრდით, აი, ბატონო გივი, რა მაინტერესებს იცით – თქვენთვის 5000 ლარი კაპიკებია? ეს 5000 ლარი რომ მოგაქვთ ამ ადმინისტრაციულ კოდექსში – 1500 ლარი, 3000 ლარი, 5000 ლარი, უმძიმეს გაჭირვებაშია ხალხი და ეს საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, რომ არახუნებთ.
5000 ლარი რატომ? – შემოსავალი გაეზარდა ხალხს თუ? ხელფასი რამდენია იცით? ქვეყანაში 400 000 მოქალაქე ცხოვრობს ისეთი, ვინც თვითდასაქმებით გამომუშავება არის 157 ლარი. ადამიანების შემოსავლების თანაზომად უნდა იყოს ჯარიმები. ჯარიმა თუ ციხეზე უარესია, ის ჯარიმა კი არ არის, ის არის მკვლელობა ოჯახის იმიტომ, რომ 5000 ლარით რომ აჯარიმებ, ამას მოყვება მთელი ქონების დაყადაღება, ამას მოყვება საბანკო ანგარიშების დახურვა. რამდენია ასეთი, სამწუხაროდ, იმ კატასტროფულ “შავ სიაში” შეყვანილი ადამიანები.
ელემენტარულად, ესე ხო არ არის, რომ მე მინდა დღეიდან 5000 ლარით დაგაჯარიმო? რომ ისვრით ამ ჯარიმებს, გეკითხებით – რაზე გათვლით მოგაქვთ ეს თანხები?! 5000 ლარს 3 და 6 თვიანი პატიმრობა ურჩევნია. “ქართული ოცნების” ელიტისთვის 5000 ლარი არაფერია, ჩარტერში მილიონებს იხდიან და 5000 ლარს ერთ ბოთლ ღვინოში იხდით ალბათ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს