,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურათან დაკავშირებით:
,,თუ მას [პაველ ჰერჩინსკის] აქვს რესურსი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ხელი ააღებინოს. მე მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში ჩვენ ყველამ უნდა გვაცადოს, რომ სამართლის უზენაესობა დავიცვათ.
თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი და შეიძლება ეს რესურსი არ ჰქონდეს, რომ ხელი ააღებინოს სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. იმიტომ, რომ სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება.
პრეზიდენტი ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს არის მისი სულისკვეთება. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენ სრულად ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გამოითქვას.
შარშანდელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო – ეს ერთი; მეორე, ამ გადაწყვეტილებამ გააღვივა პოლარიზაცია საქართველოში. რაც იყო შემოთავაზებული გეგმის პირველი პუნქტით – დეპოლარიზაცია, იმის საპირისპირო ეფექტი ჰქონდა კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას ქვეყანაში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება აღარ იქნება და ხელოვნურად აღარ გაღვივდება ე.წ. პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმესა და ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე:
,,უკვე 1 წელია, რაც აქ ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენ, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შეუსრულებია. ჩემი აზრით, ყველაფერი ცალსახად ასე არ არის. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი შედგა.
თუმცა, მეორეს მხრივ, მოდის ცუდი სიგნალი საქართველოდან, მათ შორის, ერთ-ერთი პრეზიდენტის იმპიჩმენტია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პირველი პრიორიტეტის შესრულებას ანუ დეპოლარიზაციას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე