ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი: “არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში”

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ადამიანებმა ვერაფერი ისწავლეს, ვერ აანალიზებენ, ფაქტია, უკვე რამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილნი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი-ახლა კი 2023 წელია.

საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში.

იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე; გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომლებიც აქვს ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვთ დახმარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მათაც, ნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან.

შემაშფოთებელია რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგს, თუმცა ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ვერ ისწავლა. ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე რამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი-ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები მის საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში. არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი ქვეყანაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები და უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობისა და სტაბილურობის, რაც ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ, მოიტანა ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით რა არის მათი გეგმები, მათი მიზანი. მათი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია.

მათ, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის წარმატებები და კეთილდღეობა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. არ მოსწონთ, რომ დღეს ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილი, რა თქმა უნდა, არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციული ხასიათის განცხადებაა კონკრეტული მტკიცებულებების სახით. პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ და ნუ მისცემენ უფლებას, თავი გამოაყენებინონ ასეთ დესტრუქციულ ძალებს.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოისმენს USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, რადგან, სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევითა და დაფინანსებით იყვნენ ისინი ჩამოსულები.

ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ გავავრცელეთ და რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი.

კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება; როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანენ მოქმედებაში.

მე ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, რა თქმა უნდა დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული