საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აშშ-ს მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხთან დაკავშირებით:
,,ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ მრავალი თვეა ვამბობთ.
პირველი, საქართველოს, ჩვენი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, გამოყენება ხდება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებისთვის და ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება, – ეს დადასტურდა. ბიძინა ივანიშვილის კლანის ერთ-ერთი წევრი პირდაპირ ბრალდებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობაში.
მეორე, ჩვენ მრავალი წელიწადია ვამბობთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში შეუფერხებლად აძლიერებდეს საკუთარ გავლენას. ესეც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ სანქცირების მიღების გადაწყვეტილებით.
მე მაინტერესებს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჩვენს ქვეყანაში რუსული საოკუპაციო რეჟიმი? დღესვე დაიწყება თუ არა გამოძიება, მაგალითად, ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში? ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის განცხადება მოვისმინეთ, რომ თურმე 10 წელიწადია ფარცხალაძე ოფიციალურ პოზიციას ჩვენს ქვეყანაში არ იკავებს, რაც არის საზოგადოების დაცინვა. ცხადია ყველამ იცის, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური გავლენების გზით იმართება. ფარცხალაძე სწორედ არის ამ სისტემის ნაწილი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე