საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სადაშვილი ოფიციალური განცხადებით მიმართავს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს, რათა პასუხი გაეცეს პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკაში განხორციელებული კერძო ვიზიტის დროს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კონკრეტულ შეკითხვებს:
,,ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებასთან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ ჩვენ დღეს ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვითხოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო და საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტით სარგებლობას.
ამიტომ მე მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს, ოფიციალურად მივმართავ ბატონ ჩუბინიძეს, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს და მთელი რიგი შეკითხვები მას გაეგზავნება, რომელზეც ის ვალდებულია კანონის წინაშე გაგვცეს პასუხი. კონკრეტულად, ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას.
ღარიბაშვილი არის კორუმპირებული მექრთამე პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ვიცოდეთ, ვინ მონაწილებს კორუფციის მეორე მხარეში. იმიტომ, რომ კორუფციას ყოველთვის ჰყავს როგორც ამღები, ასევე მიმცემი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე