ხუთშაბათი, ივნისი 20, 2024

“ქართველი მეხორბლეების პრობლემები – რაშია გამოსავალი!” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ქვეყანაში პოლიტიკური თემები უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ეკონომიკური პრობლემები. უფრო დიდ დროს ჩვენი საზოგადოება იმაზე საუბარში ხარჯავს ვინ ვის რა უწოდა და ვინ ვის საქმეს აკეთებს, ვიდრე ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის გზებზე აქტიურად ვიმსჯელოთ. არადა მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის გარეშე განვითარებულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

წინა სტატიებში დიდი დრო დავუთმეთ ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პრობლემატიკის მოგვარებას. მართლაც სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ნანოტექნოლოგიების ეპოქაში, საქართველო (ისტორიულად მიწათმოქმედების ქვეყანა) აგრარულ სექტორში საოჯახო მეურნეობების დონეს ვერაფრით ვერ აცდა და ხშირად ელემენტარულზეც კი გვიწევს საუბარი, რადგან ეს უკანასკნელიც ჩვენთვის მიუწვდომელია.

როცა აგრარულ სფეროს ვეხებით, ყოველთვის პირველი, რაც გვახსენდება, ეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებია. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი დარგებიდან, პირველი მაინც მეხორბლეების პრობლემები გადმოდის წინა პლანზე. შემთხვევით ხომ არ იყო, როცა საქმე შიმშილისგან თავის გადარჩენას ეხებოდა, ჩვენი წინაპარი ამ ტერმინს იყენებდა – „პური ჩვენი არსობისა“. საქართველო ორი ძირითადი აგრარული კულტურის ხორბლისა და ყურძნის სამშობლოა. აქედან მოდის მათ მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სენტიმენტები, განსაკუთრებული დამოკიდებულება, რის ამსახველ ფაქტებსაც ქართულ კულტურასა და ისტორიულ ძეგლებში მრავლად ვხვდებით. მაგრამ მარტო სენტიმენტებით შორს ვერ წავალთ, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა ქართველი მეხორბლეების წარმოებული პროდუქცია არამცთუ მსოფლიო ბაზარზე, ჩვენს ქვეყანაშიც ვერ უწევს ფასისმიერ და ხარისხისმიერ კონკურენციას უცხოურ ანალოგებს.

დაბალი კონკურენტუნარიანობა ძირითადად ჯერ სახელმწიფოს მხრიდან ხედვის არარსებობით არის განპირობებული, მერე უკვე გეოგრაფიული, ეკონომიკური და ტექნიკური ფაქტორებით. მწარე რეალობა კი ის არის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხორციელდება ამ სექტორის სათანადო მართვა და ხელშეწყობა. სწორი მენეჯმენტი პრობლემის მოგვარების ნახევარია, ამიტომ ის გამოწვევები, რაც ქართველ მეხორბლეებს დღეს გააჩნიათ, მოგვარებადია, უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ელემენტარულად, თუ ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება მსოფლიოში ხორბლის მსხვილი ექსპორტიორი, საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაინც შეძლებს.

რაშია გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, ამ დარგის განსავითარებლად:

  1. პროგნოზირებისა და ინფორმაციის მიღება-დამუშავების სისტემის დანერგვა – მსოფლიოში, ჩვენს რეგიონსა და საქართველოს ხორბლის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების და მდგომარეობის უწყვეტი ანალიზი. მუდმივი დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება არამარტო ხორბლის ფასებთან თუ ბაზრის მოცულობასთან დაკავშირებით, არამედ ამ დარგში მიმდინარე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან მიმართებაში. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სეზონის დასაწყისში, ქვეყნის შიგნით ხორბლით ნათესი ფართობების აღრიცხვას და სეზონის ბოლოს მოსავლის მოცულობის პროგნოზირებას. ასევე დაზღვეული ფართობების აღწერას და ბოლო რამდენიმე წლის მონაცემების საფუძველზე მეხორბლეებისა და მათ მიერ დამუშავებული მიწის ფართობების ერთ საერთო რეესტრში აღრიცხვას;
  2. მარაგების მართვის სისტემა – ქვეყანაში ხორბლის მარაგების შექმნის პრაქტიკის დამკვიდრება და ხელშეწყობა, მინიმუმ, 6 თვისთვის სამყოფ ვადაში. 3 თვეზე უფრო გრძელვადიანი გამოწვევებისთვის ჩვენი ქვეყანა დღეს არ არის მზად, რაც როგორც სასურსათო უსაფრთხოების, ისე ფასების კონტროლის კუთხით მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. თუ როგორ უნდა იმართებოდეს ხორბლის სტრატეგიული რეზერვები, კვეთაში უნდა იყოს წისქვილკომბინატების განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პრაქტიკასთან. ხედვა არა ფრაგმენტული, არამედ კარგად უნდა იყოს ბაზრის მთავარი აქტორების მნიშვნელობა და როლი გათავისებული და შეფასებული (თუ როგორი უნდა იყოს ხორბლის რეზერვების მართვის სისტემა, ცალკე სტატიის თემაა, რომელსაც მკითხველს უახლოეს მომავალში გავაცნობთ);
  3. მასობრივი წარმოება – არამარტო მეხორბლეების, არამედ სოფლის მეურნეობის დანარჩენი სექტორების პრობლემა პროდუქციის მაღალი თვითღირებულება და დაბალი მოსავლიანობაა. თეორიული ეკონომიკის კურსიდან კარგად ვიცით, რომ პროდუქციის თვითღირებულების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მეთოდი მისი მასობრივი წარმოებაა. სამწუხაროდ, საოჯახოდან ფერმერულ მეურნეობებზე გადასვლის პროცესი საქართველოში დიდი შეფერხებებით მიმდინარეობს ან, უფრო ზუსტად, მისი ტემპები მოლოდინთან შედარებით ძალიან დაბალი და უმნიშვნელოა. გამონაკლისი არც მეხორბლეები არიან. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით სხვა დარგებთან შედარებით მეტი წარმატება გვაქვს, მაგრამ ხელშესაწყობად სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილება აქაც უდავოდ საჭიროა.
    მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ გარკვეული პოლიტიკის განხორციელებამდე, სახელმწიფომ მეცნიერულად უნდა შეისწავლოს საქართველოს ყველა რეგიონის აგრონომიული და ეკონომიკური შესაძლებლობები, შედარებითი უპირატესობის პრინციპით გამოყოს ის ზონები, რომელსაც სხვებთან შედარებით ხორბლის წარმოებაში მეტი პოტენციალი გააჩნია და ისე დაეხმაროს ფერმერებს თემატური პროგრამებით;
  4. დაზღვევის ეფექტური სისტემა – მსოფლიო პრაქტიკაში აგროდაზღვევის მრავალფეროვანი პროდუქტი გამოიყენება. ჩვენს სტატიებში ხშირად შევხებივართ ამ საკითხს და საქართველოს ჭრილში უფრო ფართო გაგვიშლია აღნიშნული პრობლემატიკა. აქ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ სახელმწიფოს მოვალეობა ფერმერისთვის მარტო სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის (სახელმწიფო – სადაზღვევო კომპანია – ფერმერი), არამედ საგანგებო სიტუაციების წინასწარი პროგნოზირებისა და მათი მართვის სისტემის შექმნაც იგულისხმება.

რომ შევაჯამოთ, ჩვენი აზრით, პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების ნაცვლად, ეკონომიკურად უფრო ეფექტური, სახელმწიფოს მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა იქნება, რომელიც ქართველი მეხორბლეების კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. თუ პირველი უფრო მარტივია და მხოლოდ იმპორტის გადასახადის შემოღების პრაქტიკით შემოიფარგლება (რასაც დღეს აქვს ადგილი), მეორე ალტერნატივა შესასრულებლად უფრო რთულია, სათანადო ხედვას, სტრატეგიას მოითხოვს და გრძელვადიანი შედეგის მომცემია. ქართული მეხორბლეობა მარტო იმპორტის გადასახადის შემოღებით რომ ვერ განვითარდება, ამაში ბიზნესადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტიც კი დაგვეთანხმება…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული