შაბათი, მაისი 18, 2024

“არ მაქვს სურვილი ვნახო, როგორ იფხანენ ქეციან გულებს ჩემი ქვეყნის მტრები, პუტინიდან დაწყებული ადგილობრივი კოლექტიური მორდორგოშიებით დამთავრებული” – ლელა ჯეჯელავა

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა, საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებთან, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, თავის პოზიცია-შეფასებას აფიქსირებს:

არ ვეთანხმებოდი, მეტიც, როგორც შემეძლო ვეწინააღმდეგებოდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იარაღით დამხობას, განდევნას და მკვლელობას. მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, მის განვითარებას და დამოუკიდებლობის იდეას ვნებდა.

არ ვეთანხმები და როგორც შემიძლია ვეწინააღმდეგები საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფუნდამენტურად აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს რენომეს, ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას და შესაბამისად საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას. ვაზუსტებ: არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის ნაწილი და მხარდამჭერი.

არ ვეთანხმებოდი და ვეწინააღმდეგებოდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი ხელისუფლების აგდებულ, უპატივცემულო დამოკიდებულებას, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს აზიანებდა პრეზიდენტის ინსტუტუტს და საფრთხეს უქმნიდა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას.

არ ვეთანხმები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისადმი დაწყებულ უპერსპექტივო საჩვენებელ იმპიჩმენტის პროცესს, რადგან ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ეს ემსახურება საქართველოს დისტანცირებას ცივილიზებული დასავლური სამყაროსგან და არ მაქვს სურვილი ვნახო, როგორ იფხანენ ქეციან გულებს ჩემი ქვეყნის მტრები, პუტინიდან დაწყებული ადგილობრივი კოლექტიური მორდორგოშიებით დამთავრებული.

მშვენივრად ვხედავდი და ვხედავ ყველა პრეზიდენტის დაშვებულ შეცდომებს. მაგრამ ქვეყნის მომავლისათვის იმაზე სახიფათო არაფერია, ვიდრე ის რისკები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას მოჰყვება.

ჰოდა, კობახიძით დაწყებული, ვისაც ოჯახურ გართობად გექცათ ამ ქვეყანაში პრეზიდენტების ჩამოგდება, დატუსაღება, მკვლელობა, დაიგნორება და სახელმწიფოს გაბახება, ფითილს დაუწიეთ ცოტა, თქვენი ოჯახური ბედნიერებისთვის არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილთან “პულკაში” ყოფნა დავით წინასწარმეტყველის მემკვიდრეობას არ ნიშნავს, რომ რჩეულის უპირატესობით ისარგებლოთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული